• +995 0422 275744
  • #107 Chavchavadze street, Batumi, Georgia | WEBSITE IS UNDER CONSTRUCTION
  • Old Version
ბათუმის საკრებულოში 4 ახალი პეტიცია დარეგისტრირდა (EN)

ბათუმის საკრებულოში 4 ახალი პეტიცია დარეგისტრირდა (EN)

ბათუმის საკრებულოში 4 ახალი პეტიცია დარეგისტრირდა. პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მეორე ეტაპზე საკრებულოში წარსადგენად შემდეგი საპეტიციო საკითხები შეირჩა:

• ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არამუნიციპალური ველოსიპედების სადგომი ადგილების გამოყოფა და მოწყობა;
• პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესის ამოქმედება;
• მუნიციპალური ინკლუზიური თეატრის დაარსების საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა, გადაწყვეტა;
• რეკრიაციულ ზონებში გარკვეული ტიპის მშენებლობის დაშვების აკრძალვა;

ბათუმში რეგისტრირებულ პირთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქის მასშტაბით სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში მისვლის შემდეგ, არამუნიციპალური ველოსიპედის პარკირება და მათი დაცულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ისინი მუნიციპალიტეტისგან არაკომერციული ველოსიპედების სადგომი ადგილების გამოყოფის და მოწყობის საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლას, განხილვას და გადაწყვეტას ითხოვენ. ამბობენ, რომ აღნიშნულით ქალაქში არსებული საცობების პრობლემაც გადაიჭრება და ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

ადგილობრივები პეტიციის გზით ქალაქის მასშტაბით რეკრიაციულ ზონებში გარკვეული ტიპის მშენებლობების დაშვების აკრძალვასაც ითხოვენ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სარეკრიაციო ზონაში კაფეების, რესტორნების, სასტუმროებისა და საეკლესიო ობიექტების მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს. მათი განმარტებით მსგავსი ტიპის მშენებლობები ერთი მხრივ ამცირებს საჯარო სივრცით სარგებლობის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ -რეკრიაციულ სივრცეს. ეს იმ ფონზე, როცა ქალაქში მწვანე ნარგავების რაოდენობა მინიმუმ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ინიციატორები საკრებულოსგან პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესის ამოქმედებასაც ითხოვენ. მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით მოქალაქეებს მუნიციპალიტეტამდე მათთვის აქტუალური საკითხების მიტანა გაუადვილდებათ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პეტიციით იქნა მოთხოვნილი ქალაქში მუნიციპალური ინკლუზიური თეატრალური დასის დაარსების საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტაა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრა შშმ პირთა გააქტიურებას, მათ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. გარდა აღნიშნულისა პეტიციით მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილებით, ბათუმი იქნება პირველი ქალაქი მთელს საქართველოში, რომელიც პრაქტიკულ დონეზე „გაეროს 2006 წლის კონვენციის შშმ პირთა უფლებების შესახებ“ განხორციელებას დაიწყებს.

ამ ეტაპზე ინიციატორები საკრებულოში წარდგენილი პეტიციების ბიუროს სხდომაზე განხილვას ელოდებიან, სადაც პეტიციების მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყდეს.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიიის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით და საკრებულოში წარდგენით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.