აჭარის უმაღლეს საბჭოს სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა

აჭარის უმაღლეს საბჭოს სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა

როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა განისაზღვროს. სამწუხაროდ, აქამდე არ არსებობდა ამ საკითხის გადაჭრის პოლიტიკური ნება. დღეს კი, როდესაც ქვეყნის/რეგიონის სათავეში ის ადამიანები დგანან, რომლებიც თავის დროზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით გამოდიოდნენ, გაჩნდა რეალური შანსი ამ საკითხის გადაწყვეტისა.
დემოკრატიის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრის ინიციატივის საკითხის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ.
პირველ ეტაპზე უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას შერეული ფორმატის სამუშაო ჯგუფი (დეპუტატები, იურისტები, ჟურნალისტები, ეკონომისტები) და მიიღოს გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრის მიზნით საჭირო პროცედურების განხორციელების შესახებ (იმის მიხედვით, რა სტატუსიც გადაწყდება). ხოლო მომდევნო ეტაპი უნდა გულისხმობდეს უკვე შერჩეული სტატუსის იურიდიული პროცედურების მოგვარებას.
დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივა რჩება ძალაში:
1. საქართველოს კანონში ,,მაუწყებლობის შესახებ’’ განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ავტონომიურ რესპუბლიკებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბება (ამავე ცვლილებებით უნდა გადაეცეს ტელევიზიასა და რადიოს სიხშირეები და მოწესრიგდეს იურიდიული პროცედურები);
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უნდა გადაეცეს უფლებამოსილება, მასზედ, რომ შექმნას ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
3. პირველ ეტაპზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაფინანსდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, ხოლო არაუგვიანეს ორი წლისა, აჭარაში მცხოვრებთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (პლებისციტით), ამოქმედდეს მაუწყებლის დაფინანსების სხვა მოდელი (მაგ.: ,,მაუწყებლის გადასახდელის’’ შემოღება, ,,მაუწყებლის პრივატიზება’’ და ა.შ.);
4. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მართოს 5-7 წევრისგან შემდგარმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, რომელსაც კონკურსის ფორმით ქმნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და რომელიც პერიოდულად განახლდება როტაციის წესით. სამეურვეო საბჭოს წევრობა უნდა იყოს არაანაზღაურებადი.
5. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, კონკურსის საფუძველზე, აირჩევს მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.
დემოკრატიის ინსტიტუტი მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს სტატუსის განსაზღვრის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

საკონტაქტო პირი: თამარ მამეიშვილი – 577 17 37 17; არჩილ ხახუტაიშვილი – 577 210 410