"დემოკრატიის ინსტიტუტი’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ გაუქმებას მოითხოვს

"დემოკრატიის ინსტიტუტი’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ გაუქმებას მოითხოვს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის ივნისში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება; ბ) კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა/კონტროლი; გ) ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკული თვალსაზრისით (სამართლებრივი დახმარება, ადვოკატირება). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან არცერთ სფეროში არ გააჩნია უფლებამოსილება.

ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მით უფრო დეპუტატს, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა იქმნება, მას შესაბამისი უფლებამოსილება და ინსტრუმენტები სჭირდება, რაც ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია.

’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის’’ მე-8 მუხლის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს’’. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების (თავისი კომპეტენცია) ნუსხაში საერთოდ არ გვხვდება ადამიანის უფლებათა დაცვა, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თავისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია (კომისიის დებულების მე-5 მუხლი): ა) ადამიანის უფლებათა საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მის განხორციელებაზე მონიტორინგი; ბ) ადამიანის უფლებათა სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ადამიანის უფლებათა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.

’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, ნორმატიული აქტით მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული საკითხები’’. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, სწორედ ადამიანის უფლებებს ეხება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მოწესრიგების, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში რაიმე სახის ნორმატიული აქტის მიღების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად კომისიის ’’საქმიანობის ძირითადი მიმართულებების’’ აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორც ამავე კომისიის დებულებიდან ჩანს, კომისიის ფუნქცია მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა, მაშინ როცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არსებობს სხვა მუდმივმოქმედი კომისიებიც, მათ შორის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომლებიც თავისი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, თავისთავად მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.

თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობა და ამ მიზნით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რაიმე ლოგიკით გამართლებულია, ზუსტად იგივე არგუმენტით ამგვარი კომისია შეიძლება შეიქმნას აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში, საკრებულოში, გამგეობაში, დასუფთავების სამსახურში და ა.შ. საბიუჯეტო დაფინანსებით სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უნდა იქმნებოდეს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ უნდა გაუქმდეს.