კანონპროექტი: ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი

უკვე რამდენიმე წელია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფუნქციონირების სამართლებრივი სტატუსია - ტელე-რადიო დეპარტამენტი. საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ამ სტატუსის მედიასაშუალებას, რის გამოც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა განისაზღვროს.

ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს დემოკრატიის ინსტიტუტი. ორგანიზაციამ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრის თაობაზე მიზნობრივი ჯგუფების კვლევაც ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა რეგიონში მოქმედი 11 სექტორის 236 წარმომადგენელი: სამთავრობო, არასამთავრობო, მედია, ბიზნეს სექტორი, პოლიტიკური პარტიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტური თვითმმართველობები, სამედიცინო დაწესებულებები, აგრეთვე, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწენი. კვლევის მონაწილეთა უმეტესობამ, 75%-მა ტელევიზიის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებელად ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. ამ შედეგების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფუძნების მოტივით, დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, თუმცა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო დღემდე ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრა არ მოხერხდა.

დემოკრატიის ინსტიტუტი გამოდის ინიციატივით:

1. შეიქმნას არასამთავრობო, მედია და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრასა და საკითხის მოკლე დროში გადაჭრაზე;

2. არაუგვიანეს 2012 წლის ნოემბრისა საქართველოს კანონში ,,მაუწყებლობის შესახებ’’ განხორციელდეს ცვლილება აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგანაც მომდევნო წლის ბიუჯეტში ტელევიზიისა და რადიოს ამ ფორმით დაფინანსება კვლავაც უკანონო საბიუჯეტო პროცესის გაგრძელება იქნება;

3. აუცილებელია, სტატუსის განსაზღვრამდე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ამოქმედდეს სადისკუსიო სივრცე, სულ მცირე წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დებატების ფორმატით.