თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების საჭიროებათა კვლევა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ზემო აჭარიდან ეკომიგრირებული 740 ადამიანი ცხოვრობს. ეკომიგრანტები ძირითადად 4 სოფელში ირაგაში, სამღერეთში, იფნარსა და წინწყაროში არიან ჩასახლებული. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების საჭიროებების შესასწავლად თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალურმა ქსელმა დემოკრატიის ინსტიტუტის ხელშეწყობით კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა 72 ეკომიგრანტი, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტში ზოგადად დასაქმებისა და უმაღლესი განათლების პრობლემაა.

  • კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. რესპოდენტების 97.1% აცხადებს, რომ მათ რეგიონში დასაქმების პრობლემაა.
  • კვლევაში მონაწილე ეკომიგრანტები თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად ნაკლებად მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რაც განპირობებულია პირველ რიგში, პოლიტიკოსებისადმი უნდობლობით, მეორეს მხრივ კი, საკუთარი მოქალაქეობრივი უნარის და თვითშეგნების დაბალი ხარისხით.
  • საცხოვრებელ გარემოსა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე კვლევისას გამოვლინდა შემდეგი სახის სირთულეები: ინფრასტრუქტურული პრობლემები (შიდა გზები, გარე განათება, სარწყავი არხები, ინტერნეტი, ტელეფონი); ეკომიგრანტების სტატუსი და მასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, სახლების/მიწის შესყიდვა, გადაფორმება); დასასვენებელი და გასართობი სივრცეების ნაკლებობა.

კვლევა მომზადდა 2016 წლის სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, პროექტის “ეკომიგრანტი თემის გაძლიერება და პოლიტიკურ დღის წესრიგში ინტეგრაციის ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე’’ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების საჭიროებათა კვლევა