ხანდაზმულობა საზღვარგარეთ და საქართველოში

საქართველოში ამერიკის საელჩოს და ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის მედია გაცვლითი სასწავლო პროგრამის გზით მომეცა შესაძლებლობა ამერიკაში, ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში გამევლო სტაჟირება. ყოველთვის დიდი ინტერესით ვისმენ გაცვლითი და საზღვარგარეთის სხვადასხვა პროგრამის მონაწილეების შთაბეჭდილებებს. შემდეგ ეს ემოციური ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული „კულტურული შოკი“ მეხმარება რეალობის უკეთ გააზრებაში და საუკეთესო შემთხვევაში - შეცვლაში.

***

სტაჟირების პირველი სამუშაო დღე იყო.ბუნებრივია, ვღელავდი. თუმცა ტელევიზიაში მისვლის შემდეგ ნერვიულობის ახალი მიზეზი გამიჩნდა. როგორ მეთქვა ამდენი ასაკოვანი, დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე პროდიუსერის გაცნობის შემდეგ, რომ მეც პროდიუსერი ვიყავი, თანაც მთავარი საინფორმაციო გამოშვების. როდესაც ხანშიშესული რეპორტიორები გამოჩნდნენ და გადაღებაზე გასასვლელად მზადება დაიწყეს, გავაცნობიერე, რომ სულ სხვა რეალობაში ვიყავი.
სანდრა, ჯონი და დეივი ჩემი ამერიკელი კოლეგები არიან. მათ არ ეშინიათ ასაკის გამო სამსახურის დაკარგვის.

ერთ დღეს დილით სასტუმროს მისაღები ოთახიდან სიცილ-კისკისი შემომესმა. იგრძნობოდა, რომ ბევრი იყვნენ, თუმცა, ჩემი აზრით, ალბათ ახალგაზრდები, რომლებიც ერთად ისვენებდნენ და უქმეებს პოზიტიურად ატარებდნენ. თუმცა ისინი ბედნიერი ხანდაზმული ადგილობრივები აღმოჩნდნენ. ადამიანები, რომლებიც ასაკის მიუხედავად ლაღად ურთიერთობდნენ და ტურისტული ავტობუსის დაძვრის მოლოდინში სასაცილო ისტორიებით ირთობდნენ თავს.

ამ დროს გამახსენდა ჩემ ქალაქში შემოსული საკრუიზო გემები, მოგზაურობისგან სასიამოვნოდ დაღლილი, ხანშიშესული, მაგრამ ბედნიერი სახეები და იქვე ახლოს მზესუმზირის და ყვავილების გამყიდველი ქართველი ბებიები და ბაბუები.

***

პირველი შაბათი იყო. გადავწყვიტე ქალაქის ძველი უბნის პატარა ქუჩებზე ფეხით გამევლო. ამ დღეს გავიცანი ძალიან მეგობრული კონსულტანტები სუზი, სინდი და კიდევ ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის მოხუცი თანამშრომელი, რომლის სახელსაც სამწუხაროდ ვეღარ ვიხსენებ, თუმცა მის ნამუშევრებს საგულდაგულოდ ვინახავ.
ისინი ბედნიერი, ხანშიშესული მოქალაქეები არიან, რომლებსაც აქვთ საკუთარი სამუშაო სივრცე, ყავთ კოლეგები და თვითრეალიზებისთვის ასაკის მიუხედავად ხელშეუშლელი გარემო.

ეს საზოგადოებრივი სასადილოა. ასეთი იქ კიდევ ბევრი შეგხვდებათ, სადაც ცდილობენ ხანდაზმულებისა და უპოვრებისთვის ღირსეული ცხოვრების შექმნას.

ბათუმში მცხოვრები, ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი ხანდაზმული სამი დღის წინ უსახლკაროდ დარჩა...

P. S _ დღეს მე ვმუშაობ ორგანიზაციაში, სადაც ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ "ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების კამპანიის“ პროექტში ჟურნალისტი ვარ. ჩემ ქვეყანაშიც მინდა ღირსეულად ცხოვრობდნენ ადამიანები. არ ეშინოდეთ ასაკის, ახალი დღის გათენების, ქუჩაში გასვლის, მუშაობის და სამსახურის დაკარგვის, სახლში მისვლის, სეირნობის, სიცილის, სიცოცხლის...

ქეთი დუმბაძე