წაიკითხეთ, ვისაც დიდი გული გაქვთ...

წაიკითხეთ, ვისაც დიდი გული გაქვთ...

თუკი დილიდან თბილოდა, ჩემი აივნის მოპირდაპირე მხარეს შენობის ჟალუზები აწეული და კარები ღია მხვდებოდა. მოღრუბლული ამინდის დროს - პირიქით.
ღია კარებში სულ თეთრ ხალათს ვხედავდი. ვხვდებოდი, რომ ის ჩვეულებრივი სახლი არ იყო.

...

ერთ დღეს, დილით სამსახურში წასვლა ამ შენობის ქუჩის მხრიდან გადავწყვიტე და იქ გავლის დროს წარწერაც შევნიშნე - ხანდაზმულთა სახლი.

...

ესპანეთში სოციალური მედიის ჟურნალისტის სტაჟირებაზე წასვლამდე, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“, ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების პროექტში ვიყავი ჩართული. ჩემი ინტერესი და ემოცია ხანდაზმულთა მდგომარეობის მიმართ, ბუნებრივია, გაიზარდა.

...
რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა დავდიოდი ამ ქუჩის გავლით სახლიდან სამსახურში და პირიქით, ვხედავდი ბავშვებს და ახალგაზრდებს მოხუცებთან ერთად ეზოში როგორ ერთობოდნენ.

...

ერთ დღესაც აივანზე ავედი. ადმინისტრაციულმა პერსონალმა თავაზიანად მკითხა ვისთან ვიყავი სტუმრად, ამ დროს ერთმა მოხუცმა ქალბატონმა სიხარულით წამოიძახა - „Mi prima” - ჩემი დეიდაშვილიაო და მეც მისკენ ჩასახუტებლად გავეშურე.
შემდეგ კი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ მე იქ ყველას მოსანახულებლად მივედი და მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის გამეზიარებინა, როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები ესპანეთში.

...
ეს ბენჯამინ ესტრადაა, ხანდაზმულთა სახლის მმართველი. ძალიან კარგი მოსაუბრე და ამ საქმის გულითადი სპეციალისტი. ბენჯამინი თავისი სამსახურეობრივი გამოცდილებიდან განსაკუთრებული ემოციით დიდი გულის მქონე ადამიანებთან შეხვედრას იხსენებს. ისინი მოხალისეები არიან. მათ, ვისაც გულში ხანდაზმულთა უანგარო სიყვარულისთვის ადგილი ყოველთვის აქვთ.

...
მოხუცებულთა სახლში უანგარო სიყვარულით დადიან მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა წარმოდგენას დგამენ, ასეირნებენ და ამხიარულებენ ხანდაზმულებს.

...

მოხალისეების გარდა, ადმინისტრაცია პროფესიონალი პერსონალით ამაყობს. აქ ამბობენ, რომ ხანდაზმულთა მიმართ დისკრიმინაციის, ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები იშვიათია. ამ სახლში ძირითადად მძიმე დაავადების მქონე ხანდაზმულები მოჰყავთ, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა და სამედიცინო მკურნალობა სჭირდებათ. სახლში 23 ხანდაზმული ცხოვრობს და როგორც ამბობენ, ყველა საჭირო სამკურნალო სერვისს სთავაზობენ.

...

კარგი სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე, მიმართვიანობა დიდია, თუმცა ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ფართი და საჭირო ადამიანური და სამკურნალო რესურსებიც უნდა გაიზარდოს, რათა ყველა ბენეფიციარმა თანაბარი მზრუნველობა მიიღოს. ამიტომ, მუნიციპალიტეტში ახალი ცენტრის მშენებლობა გადაწყდა.
...
მოხუცებულთა სახლის 70 %-ს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, დანარჩენი ხანდაზმულთა პენსიიდან მიღებული შემოსავალია.
...
ასეთი განწყობით გავიცანი კარმენი... ხშირად ფანჯრიდან ახალგაზრდებზე ცქერა და სიმღერა უყვარს.


...
გალა ვილარ გომეზი ის დიდგულიანი ახალგაზრდაა, ხანდაზმულების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვს. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა აქ ემუშავა. ისე დამხვდა, როგორც საკუთარ სახლში და მეც ასე მაგრძნობინა თავი.

...

აქ ყველგან უანგარო სიყვარულია და მართლაც დიდი გული უნდა გქონდეს, რომ ატარო... წაიკითხეთ ვისაც დიდი გული გაქვთ და გაუზიარეთ სხვებსაც ეს სიყვარული ❤

P.S - ფოტოების ნაწილი აღებულია ხანდაზმულთა სახლის ფეისბუქ გვერდიდან ➠ http://bit.ly/2DPdoQB

ონდარა/ ვალენსიანა/ ესპანეთი

ქეთი დუმბაძე