ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - გამოწვევები, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები

ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - გამოწვევები, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები

ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - გამოწვევები, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები

ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ დისკუსია გაიმართა თემაზე: „ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - გამოწვევები, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები. შეხვედრა ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაზე და 2016 წლის ბიუჯეტში ეკომიგრაციის მიმართულებით გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკომიგრაციის საკითხებზე 3 მილიონი ლარია გამოყოფილი, სამინისტროს ინფორმაციით, მუშაობს სპეციალური პროგრამა, რაც საცხოვრებელი სახლების შესყიდვას გულისხმობს. მიმდინარე წელს 1 და 2 კატეგორიის ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება იგეგმება, ჯამში 115 ოჯახი დაკმაყოფილდება. დაზარალებულ ოჯახებს 1 და 2 კატეგორიას ანიჭებს მუნიციპალიტეტების გამგეობები. პროცედურულად, დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახის მიერ სასურველი საცხოვრებლის მოძიების და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, სამინისტრო დაზარალებულ ოჯახს აფინანსებს არაუმეტეს 25 ათასი ლარისა. რაც შეეხება, ეკომიგრანტებისთვის სოციალური სახლების გადაცემას, სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია, თამარის დასახლებაში სოციალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხულოში აშენდება 72 ბინიანი სახლი, ხოლო ხელვაჩაურში უკვე დასრულებულია 50 ბინიანი საცხოვრებელი სახლი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მინდია ბასილაძის განცხადებით, აღნიშნულ სოციალურ სახლში ბენეფიციარების შესახლება ეტაპობრივად დაიწყება. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია, ხოლო ბენეფიციარების გამოვლენაზე სპეციალური კომისია იმსჯელებს. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, მეწყერულ პროცესებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ჩატარდა ფერდსამაგრი ღონისძიებები, რაც ძალიან დიდი პრევენციული მექანიზმია. შედეგად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საკმაოდ შემცირდა.
სოციალური სახლების მნიშვნელობაზე და ხარვეზებზე ისაუბა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ. ზოიძის ინფორმაციით, პირველი სოციალური საცხოვრებელი სახლის პროექტი საქართველოში შვეიცარიის განვითარების ფონდმა განახორციელა. სულ აშენდა 19 სოციალური სახლი, მათ შორის 3 აჭარაში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლები ეკომიგრანტებს სრულიად აღჭურვილი გადაეცათ.
„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური საცხოვრისი რეალურად და არა ის, რომ ამ სახლებს მუდმივად და ყოველწლიურად ჭირდებოდეს რემონტი და ფასადის ან სახურავის შეკეთება. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიამ, ეს გამოცდილება ნაწილობრივაც ვერ გაიზიარა. ბათუმის პირობებში ის სოციალური საცხოვრისები, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ, კერძოდ თამარის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისები, არ არის სტანდარტების შესაბამისი. მოქალაქეებთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ბინები უვარგისია საცხოვრებლად, მათ კი სახსრები არ აქვთ, რომ გაარემონტონ - აღნიშნა შეხვედრაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეკომიგრაციის საკითხებზე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციამ სახელმწიფო პოლიტიკის ბოლო 10 წლის კვლევა ჩაატარა. კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე წინა წლებში. 2008-2009 წელს ბიუჯეტში ფაქტიურად ნული თეთრი იყო ამ მიმართულებით, წელს კი მხოლოდ აჭარის ბიუჯეტით 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიის და პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებითაც.

აღნიშნული დისკუსია „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა.