„დღეს ყველა ერთხმად გაიძახის - არა ძალადობას ! თუმცა ...

„დღეს ყველა ერთხმად გაიძახის - არა ძალადობას ! თუმცა ...

„ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ - ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში სტატიების კონკურსი ჩატარდა. საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებმა პრობლემის გარშემო ერთგვარი სადისკუსიო სივრცე შექმნეს და ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი სტატიის სახით გამოხატეს.

“თქვენ შეიძლება იკითხოთ, რაში მდგომარეობს მათი დანაშაული. მე კი თამამად გიპასუხებთ, რომ მათ აზროვნებასა და სტერეოტიპულ ჩარჩოებში! დიახ, დღევანდელი ქალების უმეტესობა, ვინც ძალადობის ქვეშ იმყოფება, არაფერს აკეთებს მის საწინააღმდეგოდ. მათი არგუმენტები მეტად აბსურდული და დრომოჭმულია, ხოლო განათლებული და ცივილიზებული ქვეყნებისთვის კი სასაცილოც შეიძლება აღმოჩნდეს. ისინი ამბობენ: ,,ოჯახის დანგრევას ყველაფერი სჯობს“, ,,ის (მოძალადე) ჩემი ქმარია და მე ვალდებული ვარ ყველაფერი ავიტანო“, ,,მე შვილები მყავს და მათ უმამოდ როგორ დავტოვებ“ და კიდევ ასეთი მრავალი საღ გონს მოკლებული ფრაზები.” გოდერძი გორგილაძე
„ცნობიერების ამაღლებაში უდიდესი როლი უნდა შეასრულონ მედიასაშუალებებმა, რომლებმაც უნდა დაარწმუნონ ადამიანები პრობლემის მასშტაბურობაში; ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა დაწესებულებებმა სისტემატური, არაერთჯერადი კულტურულ-შემეცნებითი აქციებით მოახდინონ გარდატეხა ახალგაზრდების აზროვნებაში და ბოლოს, უდიდესი როლი აკისრია თითოეულ ადამიანს, რიგით მოქალაქეს, თითოეულ ჩვენგანს, ვისაც აქვს სურვილი და ამბიცია ჯანსაღი, ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისა“. ალეკო ფარტენაძე
„მე ვფიქრობ, რომ ძალადობა არც ისე მარტივად აღსაქმელი პრობლემაა, როგორც უმეტესობას ჰგონია. დღეს ერთმა მეორეს სულის ამოხდამდე თუ არ სცემა, ვერავინ მიხვდება, რომ მასზე ძალადობენ.“ მარი სამსონია
„ოჯახური ძალადობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება არასრულწლოვანთა ქორწინება. როცა ორი არასრულწლოვანი ქმნის ოჯახს, მათ არ იციან რა ვალდებულებები და მოვალეობები ეკისრებათ, ვერც იმას აცნობიერებენ, რომ ოჯახის შექნის შემდეგ უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ხშირ შემთხვევაში ინგრევა ოჯახი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იწყება ოჯახური ძალადობა.“ ია თავდგირიძე
განა რეკლამებშია გამოსავალი? არა! სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული მომავალ თაობებში ძალადობის აღმოფხვრისაკენ“ . ნიკოლოზ შაფაქიძე
სასკოლო დაწესებულებებში უნდა შემუშავდეს სპეციალური პროგრამები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები მაქსიმალურად მიიღებენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, მათი მოგვარების გზებზე“. ნიკა ფუტკარაძე
„შეიძლება ყველა ძალადობა მკვლელობით არ გამოიხატებოდეს, მაგრამ მშობლის მიერ ბავშვის ცემა, მიტოვება, გაყიდვა, უპატრონოთა სახლში ჩაბარება და პროფესიის არჩევაშიც კი მისი მონაწილეობა, გადაწყვეტილების მიღებაც კი ძალადობაა.
...
საკუთარი სოციალური ქსელი ყველა ახალგაზრდამ, ნებისმიერი ძალადობისას, პროტესტის ველად უნდა გამოიყენოს, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და უარი უთხრას ძალადობას და დაგმოს ის. თუ საჭირო იქნება უნდა მოვაწყოთ მსვლელობები, გადავიღოთ ვიდეო-რგოლები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასეთი ქმედებებით ჩვენ უფრო მართალნი ვიქნებით საკუთარ თავთან და იმ ადამინაების წინაშეც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის აქტიური სამოქალაქო ცხოვრება და თვითშეგნების მაღალი დონე, ვიდრე ჩუმად ყოფნა საკუთარ თავთან და ამით ძალადობაზე ხელის შეწყობა.
...
ჩემი დევიზია „არა ძალადობას“! მინდა , რომ ჩემმა ყველა თანატოლმა ,ყველა ახალგაზრდამ, მთელმა ქვეყანამ ამ დევიზით იცხოვროს ვინაიდან აღარ იყოს, აღარ არსებობდეს და საერთოდ ფესვებიც კი არ ჰქონდეს ძალადობას ჩვენში. ” ნია ტაკიძე

„კანონი მიღებულია, საზოგადოება აღიარებს ქალების უფლებებს, მაგრამ თვით ქალები უწყობენ ხელს მათზე ძალადობას. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ქალები თავს იკავებენ განქორწინებისგან და არჩევენ მოძალადე მამაკაცის გვერდით ცხოვრებას, არის ის, რომ არ სურთ შვილს მოაკლდეს ოჯახური სითბო და უმამოდ გაიზარდოს. თუმცა ამასთან, ვერც კი ხვდებიან იმას, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ბავშვისთვის ოჯახური კონფლიქტების მოსმენა, ყურება იმისა, თუ როგორ ძალადობს მამა დედაზე. ეს ყველაფერი ბავშვის ნორმალურ განვითარებას აფერხებს და შესაძლებელია ასეთმა გარემომ შვილის სახით საზოგადოებას შემატოს ახალი მოძალადე.
...
ქალებო! ჩაეჭიდეთ დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს!'' თამრიკო ზოიძე

„მიზანშეწონილად მიმაჩნია პროგრამა, რომელიც მოიცავს სამართლებრივი კულტურის შესწავლას მე-9 კლასებში. სადაც შეგვიძლია პასუხები გავცეთ უამრავ შეკითხვას და ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით უფრო ჩავუღმავდეთ ამ საკითხს.'' ქეთევან ბაჯელიძე, მარიამ მამეშვილი ქეთევან ქობულაძე.

„დღეს ყველა ერთხმად გაიძახის - არა ძალადობას ! თუმცა ირგვლივ მაინც სიჩუმეა და ამ სიჩუმეში უამრავი ქალი იტანჯება.“
...
„დღეს ყველა ერთხმად გაიძახის - არა ძალადობას ! თუმცა ირგვლივ მაინც ნიღბებია და ამ ნიღბების უკან სასოწარკვეთილი ქალები იმალებიან.“
სანამ ვერ დავძლევთ ამ სტერეოტიპებს, ვერ დავარღვევთ სიჩუმეს, ვერ გადავაბიჯებთ ამ აფსურდულ პატივმოყვარეობას, ვერ გავითავისებთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა დანაშაულია, მანამ სანამ მოძალადეს მხოლოდ იმიტომ ვაპატიებთ, რომ შვილების მამაა, მანამ სანამ ხანდაზმული მშობლები შვილებს ვერ დავადანაშაულებთ და ვერ გავიმეტებთ მართლმსაჯულებისთვის, მანამ სანამ სამართალდამცავები ვერ ჩაერევიან მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, მანამ სანამ კანონი მკაცრად არ ამოქმედდება მოძალადის წინააღმდეგ და სახელმწიფოს მსვერპლთა დაცვის სრულყოფილი მექანიზმი არ ექნება რთულია აღმოფხვრა ძალადობა, რთულია, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჩემი და ჩემი თანატოლების თანადგომით, თქვენი და თქვენი მსგავსი ორგანიზაციების ჩართულობით შევძლებთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
სახელმწიფო მგრძნობელობის გაზრდას და ხელს შევუწყობთ ძალადობრივი ქმედებების შესუსტებას.
დღეს ყველა ერთხმად გაიძახის - არა ძალადობას! მეც მინდა მათ შევუერთდე და ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვა - არა ძალადობას ! ''გვანცა შავიშვილი

კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.