„დისერტაციის დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე ქუჩაზე სახელის მინიჭება“

„დისერტაციის დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე ქუჩაზე სახელის მინიჭება“

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 7 პეტიცია 2016 წლის 7 ივლისს წარადგინა, მათ შორის იყო ბათუმში ერთ-ერთ ტერიტორიაზე ქუჩის სტატუსისა და სახელდების მინიჭება, თუმცა აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

ნინო ბერაძე - ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - „დისერტაციის დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე ქუჩაზე სახელის მინიჭება, იმდენი პროცედურაა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შესათანხმებელი. ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები ვეღარ გაგვიგია. ჩვენი როლი ფაქტობრივად დაკნინებულია“.

ბათუმში მცხოვრები 10 500-ზე მეტი მოქალაქე ბათუმის საკრებულოსგან პეტიციის ფორმით ითხოვს:
„ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე (აეროპორტის ასაფრენი ზოლის პარალელურად მდებარე) არსებული გზის მონაკვეთს მიენიჭოს ქუჩის სტატუსი და დაერქვას სახელი. გამომდინარე იქედან, რომ ეს ადგილი გამორჩეულია ოფიციალური დელეგაციების სტუმრობით და ამავდროულად არის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გაგრძელება, სასურველია დაერქვას „ევროპის ქუჩა“.


თუ გავითვალისწინებთ უახლეს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ გარემოებასაც - ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის მიღებას, სახელის - „ევროპის ქუჩის“ დარქმევა სადავო არ უნდა გახდეს, თუმცა სადავო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესით გამოწვეული ძველი და ახალი პროცედურებია, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ქუჩაზე სახელის მინიჭების უშუალო კომპეტენცია არ აქვს.
ნინო ბერაძე - განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - „თუკი თვითმმართველობას შეუძლია განკარგოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვაა, რატომ არ შეიძლება ანდოს ხელისუფლებამ მას (საკრებულოს) ქუჩაზე სახელის მინიჭების სრული უფლებამოსილება. ფაქტობრივად, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ასუსტებს თვითმმართველობის კომპეტენციას. გვაქვს ძალიან ბევრი პროცედურა გასავლელი, თუმცა ეს პროცედურებიც ბუნდოვანია.
თუკი მოქალაქეთა ნაწილი მოვა ჩვენთან და დასაბუთებული მოტივაციით მოითხოვს ქუჩაზე სახელის მინიჭებას, ეს არ არის საკმარისი, საკრებულოს კომისიას ევალება გავიდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და გამართოს მოსახლეობასთან უშუალო კონსულტაცია, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რა რაოდენობის მოსახლის აზრი უნდა გამოვიკითხოთ, რომ საკითხი მივიჩნიოთ მიზანშეწონილად, არც ის წერია, თუკი აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ქუჩაზე სახელდების ინიციატორი მოქალაქეების აზრს ეწინააღმდეგება, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საკრებულო, ვისი აზრი გაითვალისწინოს. ''
რა წერია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ წესში, რომელიც უნდა გაითვალისწინონ როგორც რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტზე სახელის მინიჭების მსურველმა მოქალაქეებმა, ასევე საკრებულოს წევრებმა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით შევიდა ცვლილებები „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებაში.
1.ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივის წარდგენის უფლება უკვე მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-სა და დასახლების საერთო კრებასაც. მანამდე ეს უფლება მხოლოს საკრებულოს წევრებს, მერს/გამგებელს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიულ პირებს ჰქონდათ.
2.მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია.
3.საკრებულოს შესაბამისი კომისია მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, ინიციატივის რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ (ბეჭდვით ორგანოში).
4.საკრებულოს კომისია იწყებს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს აზრის გამოკითხვის მიზნით.
5.საკითხის შესწავლის შემდეგ საკრებულოს კომისია ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
6.დადებითი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს.
7.თუკი სახელდება შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიას, განცხადება რეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი დოკუმენეტებით. (დასაბუთებული ინიციატივა,კომისიის დადებითი დასკვნა,მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი მასალა და ა.შ)
8.განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის შესახებ მიმართავს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას.
9.თუკი საკითხი ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს სახელდებას ეხება, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვას თან უნდა დაერთოს დამატებითი დოკუმენტები.
10.სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს 3 თვის ვადაში განიხილავს. (კომისია გასცემს დასკვნას სახელწოდებათა ენობრივი გამართულობისა და შინაარსობრივი მიზანშეწონილობის თაობაზე) სამთავრობო კომისიიდან თანხმობის შემთხვევაში, საკრებულო განკარგულების სახით იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის სახელდების შესახებ
11.საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების,ფირნიშების,რუკების,ცნობარების დამზადება/კორექტირება/გავრცელებას და სხვ.).
12.საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის გადმოგზავნილ განცხადებაში წერია, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას.
თუმცა ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აცხადებს: „გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის კომპეტენცია დაკნინებულია, ასევე გაურკვეველია საბოლოოდ ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები? თუკი მთელი რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, სამთავრობო კომისია არ დადებს დადებით დასკვნას, რა ხდება შემდეგ? ან თუკი სამთავრობო კომისიაც თანახმაა, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობა ვერ თანხმდება. ან რას ვეუბნებით მოქალაქეებს იმ შემთხვევაში,თუკი ამომრჩეველთა არანაკლებ 1% ითხოვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე სახელის მინიჭებას, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ ირკვევა, რომ იქ მცხოვრებლები არ არიან თანახმა. ვინ იღებს ამ დროს გადაწყვეტილებას? ვის აზრს აქვს ამ დროს უფრო მეტი ძალა?“
„პეტიციას აქვს ძალა“ - მიიჩნევს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი და ამბობს, რომ პეტიციის ფორმით ქუჩაზე სახელის დარქმევის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელახლა მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

არჩილ ხახუტაიშვილი - „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი:

„ერთი შეხედვით თვითმმართველობის შესახებ კოდექსი საკრებულოებს ანიჭებს კომპეტენციების ფართო ჩამონათვალს. თუმცა საერთო ჯამში საკრებულოს კომპეტენცია იმდენად მწირია და სუსტი, რომ პეტიციის ფორმითაც კი საკითხების ინიცირება სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რამდენად ეფექტიანია, კვლევის საგანია. ქუჩის სახელდების ეს კონკრეტული, თითქოს მარტივი ამბავი, თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს გადასაწყვეტია, თუმცა პრაქტიკულად, ქუჩაზე სახელის დარქმევა წყდება არა საკრებულოს, არამედ ცენტრალურ დონეზე. ცენტრალიზებული მართვის სისტემა კი, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დამატებით ბიუროკრატიულ პროცედურებს და დროის ხარჯვას იწვევს. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ განსხვავებით აჭარის მუნიციპალიტეტებისგან, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს იმდენად მწირი ფინანსური რესურსები გააჩნია, პრაქტიკულად ეჭვქვეშ დგება ბევრი საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე. ''

თუმცა განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაში ირწმუნებიან, რომ აეროპორტის ასაფრენი ზოლის პარალელურად მდებარე ტერიტორიის სახელდების საკითხი ეჭვქვეშ არ დადგება, რადგან მოსახლეობის მოთხოვნა პეტიციის ფორმით არის რეგისტრირებული, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ი აწერს ხელს.