„გოგო რომ გათხოვდება . . . “

„გოგო რომ გათხოვდება . . . “

ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა, თუმცა ამბობს, რომ ცხოვრების თანამგზავრად არჩეულ მეუღლეს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კარგად არ იცნობდა. ოჯახური კონფლიქტი ქორწინების პირველი დღეებიდანვე დაიწყო.

ნინოს (სახელი პირობითია) დღეს იმ რთული პერიოდის გახსენება უჭირს. ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილების მიღება მაშინ ძალიან გაუჭირდა. მადლიერია მშობლების, რომლებმაც გაუგეს და შეიფარეს.

ახლა მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი მთავარი საზრუნავი შვილის აღზრდა და მის მომავალზე ფიქრია.

საკუთარ მომავალზე ფიქრი უჭირს. ამბობს, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახების შედეგად ვერც უმაღლესი და ვერც პროფესიული განათლების მიღება შეძლო, საშუალო განათლებით კი ვერსად დასაქმდა. არ უკვირს, რადგან სამუშაო გამოცდილებაც არ გააჩნია.

მეუღლის ეჭვიანობის გამო წარსულში სამუშაო შეთავაზებაზე უარის თქმა მოუწია. ამავე მიზეზით უარი თქვა უმაღლესი განათლების მიღებაზეც.

სალომე კი ( სახელი პირობითია) 16 წლის ასაკში 16 წლით უფროს კაცზე იქორწინა. მომავალი მეუღლე პირველ რიგში მისი ოჯახის რჩეული გახდა. გაცნობიდან რამდენიმე თვეში კი მოიტაცეს.

როგორც დღეს გვიყვება, სურვილის შემთხვევაშიც საზოგადოების და ოჯახის დამოკიდებულების გამო, უკან მაინც ვერ დაბრუნდებოდა.

„აჭარაში გოგო რომ გათხოვდება, უკან ვერ მობრუნდება “- ამბობს სალომე.

ბედს შეეგუა, თუმცა მეუღლის ოჯახის წევრებთან ცხოვრებას ვერა. იხსენებს, რომ ხშირად კონფლიქტის მიზეზი ისიც კი გამხდარა, რომ სხვა რეგიონიდან იყო. გათხოვებიდან რამდენიმე თვეში დედის სახლს დაუბრუნდა და მეუღლესთან ერთად დღემდე იქ ცხოვრობს. დღეს უკვე სამი შვილი ყავს.

გათხოვების შემდეგ სკოლაში სწავლის დასრულება და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებაც ვეღარ შეძლო, რასაც დღეს ძალიან ნანობს.

ფიქრი ექთნობაზე ოცნებად დარჩა. უნდა სტილისტის საქმე შეისწავლოს და ის დანაკლისი ამ ფორმით მაინც აინაზღაუროს, თუმცა...
მიაჩნია, რომ თავის დროზე უსამართლობის მსხვერპლი გახდა. დაოჯახების გადაწყვეტილება არა მის მშობლებს, არამედ მას უნდა მიეღო.

სხვადასხვა მიზეზით ბევრი მათგანი ადრეულ ასაკში დაოჯახებით გამოწვეულ სურთულეებზე საჯაროდ საუბარს დღეს ერიდება.

ჩვენი პროექტის შესახებ „ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“, პროექტის ორივე მონაწილემ თემის რწმუნებულისგან გაიგო. მსგავსი შინაარსის ტრენინგზე არასდროს ყოფილან. ამიტომაც დაინტერესდნენ.

სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, ადვოკატირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვთა ზრუნვა, სამოქალაქო უფლებები, მომავლის დაგეგმვა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ტრენინგი აჭარაში მცხოვრებმა ახალგაზრდა დედებმა გაიარეს.
ამბობენ, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ საკუთარი უნარ-ჩვევების უკეთ რეალიზებასა და მომავლის დაგეგმვაში, დასაქმებაში, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვაში დაეხმარება.
იმასაც აღიარებენ, რომ ტრენინგის დროს შეძენილი ცოდნა ოჯახის შექმნამდე რომ მიეღოთ, მათ ყოველდღიურობას სხვაგვარად წარმართავდნენ.

ტრენინგის შემდეგ, პირველ რიგში რის გაკეთებასაც გეგმავენ, მიღებული ცოდნის და გამოცდილების საკუთარ თემში მცხოვრები ახალგაზრდა დედებისთვის გაზიარებაა.
ძალიან დიდი სურვილი აქვთ მსგავსი სახის ტრენინგებს კიდევ დაესწრონ.

ტრენინგებისა და მსგავსი სახის შეხვედრების აუცილებლობაზე საუბრობენ ტრენერებიც. ისინი წლებია ქალების საჭიროებებს იკვლევენ. ჩვენთან საუბრის დროს სპეციალისტებმა ყურადღება იმ გარემოებებზე გაამახვილეს, რამაც ადრეულ ასაკში დაოჯახებული ქალების უმეტესობას მომავლის რწმენა და მოტივაცია დაუკარგა.

თათია გოგიშვილი - „ნაკლები ინფორმირებულობა, სიახლეებისადმი ინტერესის დაბალი დონე, ალტერნატიული მეთოდების სიმცირე, სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის ნაკლებობა - ეს ის სირთულეებია, რომლებსაც ადრეულ ასაკში დაოჯახებული ქალები აწყდებიან.კიდევ ერთი სირთულე ახალგაზრდა დედების თვითრწმენის სიმცირეა, რწმენის იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს’’.

სპეციალისტების შეფასებით, რესოციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფოს. აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ დაცულობის და უსაფრთხოების განცდა, ასევე გაუჩნდეთ რესურსი და სივრცე საკუთარი უნარ-ჩვევების რეალიზებისთვის.

პროექტს „ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს. პროექტი მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით ხორციელდება. მიზანი არასწრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერებაა.