პროფესია, რომელიც ცვლის სოციალურ გარემოს უკეთესობისკენ

პროფესია, რომელიც ცვლის სოციალურ გარემოს უკეთესობისკენ

12 წლის შემდეგ ორგანიზაციაში შეიცვალა საქმიანობების არეალი, ბენეფიციართა კატეგორია და რაოდენობა, თუმცა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციაზე მუშაობა 2005 წლიდან დღემდე დემოკრატიის ინსტიტუტის შეუცვლელი საქმიანობის სფეროა.
ნესტან კახაძე და ლელა ბედინეიშვილი წლების განმავლობაში იკვლევენ ყოფილი პატიმრების, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს, ზრუნავენ საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე. ისინი დემოკრატიის ინსტიტუტის სოციალური მუშაკები არიან.

გულწრფელი კომუნიკაცია, ჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მიზანი - დაიცვა ადამიანის სოციალური უფლებები და ოპტიმიზმი - შეცვალო გარემო უკეთესობისკენ - ეს ის პიროვნული და პროფესიული მოტივებია, რომლითაც ლელა და ნესტანი წლების განმავლობაში მუშაობენ.

ისინი შემდეგ უკვე გვენდობოდნენ

ნესტანი - „18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის პროექტში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. თავიდან დავდიოდი ციხეზე ჩვენს იურისტებთან ერთად, ვეცნობოდი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების პირობებს, თუმცა მათთან კომუნიკაციაში ჩემი ასაკობრივი ფაქტორი ერთგვარად დამეხმარა კიდეც. ისინი თავის თანატოლად მიმიჩნევდნენ, ძალიან დიდ პატივს მცემდნენ და პრობლემების მოყოლის დროსაც უფრო გულწრფელები იყვნენ.

თუმცა რთული იყო მშობლების ნდობის მოპოვება. როცა დაკავებისთანავე ჩვენს იურისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად მათთან პოლიციის განყოფილებებში აღმოვჩნდებოდი, მშობლებს უკვირდათ რატომ ვიცავდით მათ უფლებებს, თავიდან ჩვენც პოლიციის წარმომადგენლები ვეგონეთ. მაშინ ასეთი პოპულარული არ იყო პატიმართა რეინტეგრაცია-რეაბილიტაციის თემებზე მუშაობა. ამიტომაც ნდობის მოპოვება თავიდან რთული იყო. ჩვენი პროექტი კი რეგიონში იმ დროს ერთ-ერთი პირველი მასშტაბური იყო. როცა ჩვენმა ბენეფიციარებმა შედეგი დაინახეს, შემდეგ ისინი უკვე გვენდობოდნენ და დღემდე ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერის იმედი აქვთ.’’

ჩვენ ერთად განვიხილავდით ნაწარმოებებს

ლელა - "პედაგოგიური ალღო, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა მსჯავრდებულებთან ურთიერთობაში. საინტერესო შეხვედრები გვქონდა საპატიმროში. იყო შემთხვევები, როდესაც წერა-კითხვის გაკვეთილები ჩამიტარებია. ძირითადად მაბარებდნენ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. შემდეგ მისვლაზე იქვე ვკითხულობდი და ერთად განვიხილავდით სხვადასხვა ნაწარმოებს. დიდი ინტერესი ჰქონდათ ასევე ენციკლოპედიური წიგნების მიმართ. განვიხილავდით გრამატიკულ-ორთოგრაფიულ დარღვევებს და სტილისტურ ხარვეზებსაც კი. მახსოვს ერთხელ „მეთქი“, „თქო“ და „ო“ ნაწილაკების გამოყენების წესები ავხსენი."

ბოლოს დავმეგობრდით

ლელა - "ერთ-ერთ მსჯავრდებულს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჰყვარებია ჩემი შვილის მეგობარი, იმდენად კარგი კომუნიკაცია მქონდა ბენეფიციარებთან, რომ ერთ დღესაც სიყვარულის ახსნაში შუამავალი აღმოვჩნდი."

ნესტანი - "ვაწყობდით სემინარებს, ექსკურსიებს მსჯავრდებულებისთვის საქართველოს მასშტაბით. ვატარებდით ასევე საინტერესო ინტელექტუალურ, შემეცნებით თამაშებს. მახსოვს „რა, სად, როდის“ გაიმართა, ჩვენი ბენეფიციარების გუნდმა კი საკმაოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვა. "

ახალი პროექტით უკვე დავასაქმეთ რამდენიმე ბენეფიციარი

ლელა: "ჩვენი ახალი პროექტი პირდაპირ მიმართულია ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების დასაქმებაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით საქართველოში არსებულ სოციალურ ფონზე. მიხარია, რომ პროექტი ახალი დაწყებულია და უკვე ვაღწევთ გარკვეულ შედეგებს ამ მიმართულებით. ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი დავასაქმეთ ავტოსამრეცხაოში, მეორეს კი გავუწიეთ რეკომენდაცია და სტაჟირებას გადის კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე. "

ნესტანი: "ყურადღებას გავამახვილებდი იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც სასჯელს დიდი ხნის განმავლობაში იხდიან და მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია განსაკუთრებით რთულია. ჩვენ მათ საჭიროებებს სიღრმისეულად ვიკვლევთ და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ რეაბილიტაციაში, შრომის უნარების გამოვლენასა და გადამზადებაში. ჩვენი სერვისები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მიზნის მისაღწევად ახალ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან (საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“, „აფხაზინტერკონტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“) ერთად აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში ახორციელებს.

თუ ხართ ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, ან პრობაციონერი, დაგვიკავშირდით

დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107/ ტელ:(+995 0422) 27 57 44
აფხაზინტერკონტი, ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27 ტელ: (0431)26 48 61
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4 ტელ: (0496 )27 41 26
თანაზიარი, ქ. ზუგდიდი, რუსთაველის, ქ. №88 ტელ: (0415) 22 10 78