რა დროს გვჭირდება ქოუჩის მხარდაჭერა

რა დროს გვჭირდება ქოუჩის მხარდაჭერა

ინტერვიუ "დემოკრატიის ინსტიტუტის" პიროვნული ზრდის პროგრამის ქოუჩთან ნათია ცირამუასთან

Ⓒ ფოტოზე ნათია ცირამუა პროგრამის მონაწილეებთან ერთად

ვინ არის ქოუჩი

ქოუჩი არის პირი, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანზე, მის აწმყოსა და მომავალზე. იგი მხარს უჭერს ადამიანს დაინახოს მომავალში არსებული საკუთარი თავის საუკეთესო შესაძლო ვერსია და ეხმარება მიმართოს მთელი მისი პოტენციალი აწმყოში არსებული შესაძლებლობების აღმოსაჩენად და განსახორციელებლად. ქოუჩი არ არის ადამიანი, რომელიც გირჩევს, მოგიწოდებს, ან მით უმეტეს თქვენს ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებას. ქოუჩინგი არის კითხვების სწორად დასმის ხელოვნება, რასაც ადამიანი მიჰყავს საკუთარი ღირებულებების, მიზნების, სურვილებისა და მისწრაფებების გაცნობიერებამდე.

როგორ გავხდი ქოუჩი

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია საკვანძო წერტილები, შემთხვევები, რომელთა ერთიანობაც განაპირობებს იმ მოცემულობას, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი რეალობა. ადრეული მოზარდობისას მახსოვს ბლოკნოტი მქონდა, რომლის პირველ გვერდზეც მეწერა ფრაზა „ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ, რომ გაანათოს“. შემდეგ იყო ჩემი პროფესია ფსიქოლოგია. სწავლის დასრულების შემდეგ კი მე თვითონ გამოვცადე არაფორმალური განათლების, უნარების გაძლიერების პროგრამებში მონაწილეობის ეფექტი, რამაც ტრენერობამდე მიმიყვანა. ახლა კი, უკვე ბოლო 3 წელია, ქოუჩად ვმუშაობ ქართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მოწყვლადი ჯგუფების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

რა არის მთავარი ქოუჩისთვის

მნიშვნელოვანია ჰუმანური, ემპათიური დამოკიდებულება, გულწრფელი ინტერესი ადამიანისადმი და რწმენა, რომ შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები მიზნის მისაღწევად.

ვისთან ვმუშაობდი თავიდან..

სულ პირველად ვიყავი ქოუჩი ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, ქალებთან. შთამბეჭდავია, როცა მოწმე ხდები, როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება სასიკეთოდ. იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს, რომ ....

ვინ შეცვალა ჩემი ცხოვრება.. ვინ იყო ჩემი ქოუჩი..

კონკრეტული ადამიანი არ მახსენდება, მაგრამ მაშინ როცა მე დავიწყე მუშაობა ქოუჩად, საქართველოში ჩამოყალიბდა ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია, რომლის დამფუძნებლების საქმიანობამ კიდევ უფრო შთამაგონა. ხშირად ვაკვირდები ჩემი ცხოვრების მოვლენებს. ეს რომ არ ყოფილიყო, შემდეგი რამ არ მოხდებოდა და ა.შ. ვფიქრობ, რომ არა სწავლის დამთავრების შემდეგ პიროვნული განვითარების პროგრამა, ვერ გავხდებოდი ტრენერი, რომ არა ტრენერობა, ვერ გავხდებოდი ქოუჩი. იყო პატარ-პატარა კულმინაციური მომენტები ცხოვრებაში, რომლის ერთობლიობამაც მიმიყვანა იქამდე, რასაც დღეს ვაკეთებ. შემთხვევით არაფერი ხდება.

ძირითადად რა დროს გვჭირდება ქოუჩის მხარდაჭერა

როცა ადამიანი გაუცხოებულია საკუთარ თავთან, საკუთარ ღორებულებებთან. ყოველდღიურ ორომტრიალში ვკარგავთ ფოკუსს, რეალურად რა გვინდა, რა ინტერესები გვაქვს, რის კეთება გვსიამოვნებს და რა გვაძლევს მოტივაციას. ის, რომ ადამიანმა აღმოაჩინოს რეალურად რა არის მნიშვნელოვანი, საკუთარ თავთან დაბრუნებასაც ჰგავს. ქოუჩინგის პროცესი საკუთარ თავთან დაბრუნებასაც ჰგავს და ახლიდან აღმოჩენასაც. მას შემდეგ რაც საკუთარ თავს, ემოციებს, მახასიეთებლებს გაიცნობ, რა ძლერი და სუსტი მხარეები გაქვს, ამის შემდეგ დგება უფრო საინტერესო მომენტი, როგორ მართო ეს ყველაფერი. როგორ მართოს ადამიანმა თავისი ემოციები, მიმართოს შინაგანი ენერგია ძლიერი მხარეების და პოტენციალის გამოვლენისკენ.

როგორ შეიძლება დაეხმაროს ადამიანი საკუთარ თავს თვითგამორკვევაში, შესაძლებლობების გამოვლენაში..

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის დასახვაა. ფუნდამენტი არის პიროვნების ღირებულებები. თუნდაც ჩამოწეროს 5-6 მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ზოგისთვის სოციალური ურთიერთობებია ღირებული, ზოგისთვის - სტატუსი, რაღაცის მიღწევა, სიკეთის კეთება. ჩვენი ღირებულებები უნდა აისახებოდეს ჩვენს საქმიანობში, ჩვენს ქცევებში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ადამიანი შინაგან ჰარმონიაში. თუმცა, თუ, მაგალითად, ჩემი ღირებულება სხვაზე ზრუნვაა, ეს აუცილებლად არ გულისხმობს საქველმოქმედო საქმიანობას. სიკეთის კეთება და სხვაზე ზრუნვა ნებისმიერ სფეროში შეიძლება. მაგალითად, თუკი სასტუმროს მიმღების თანამშრომელი ვარ, შემიძლია კარგი სერვისი შევთავაზო ადამიანებს და ასე ვიყო თანხვედრაში ჩემს ღირებულებებთან. როცა ვიცი რა არის ჩემი ღირებულებები და ჩემი საქმიანობა კავშირშია ჩემს ღირებულებებთან, ასეთ დროს არის პიროვნება ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

როგორ იწყება ხშირად ქოუჩთან საუბარი..

ყოფილა ასეთი, უთქვამთ ჩემთვის: "არ ვიცი რა მინდა, არ ვიცი რა მიმართულებით წავიდე".. ოკეანეში რომ პატარა ნავი დაიკარგება, აი ისე. "არ ვიცი რასაც ვაკეთებ, რამდენად არის ის, რაც მინდა, "როგორ დავიწყო მუშაობა", მერე სიღრმეებში იკვეთება სხვა ინტერესებიც, უკეთესი სოციალური ურთიერთობების სურვილი, პროფესიული განვითარების. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განსაზღვროს ადამიანმა, რამდენად არის ჩემი საქმიანობა და სოციალური ურთიერთობები ჩემს ღირებულებებზე და ინტერესებზე დაფუძნებული, შინაგანად მე მინდა, თუ გარედან არის შთაგონებული, ჩემი არჩეულია ეს საქმე, თუ გარეგანი ფაქტორებით განპირობებული.

ქოუჩინგის სესიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის განსაზღვროს ადამიანმა, რა არის წარმატება..

სუბიექტური და ინდივიდუალურია წარმატების აღქმა. ვისთვის რა არის წარმატება, ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს თვითონ ადამიანში. ქოუჩის საქმიანობა უპირველესად კითხვების სწორად დასმაა და ადამიანებს, რომლებიც ქოუჩთან მოდიან და აქვთ სურვილი გახდნენ უფრო წარმატებულებები, პირველი კითხვა, რომელსაც ისინი პასუხს სცემენ არის სწორედ „რა არის წარმატება?’“ ან „რას ნიშნავს იყო წარმატებული“? ქოუჩი არ კარნახობს, არც მის ნაცვლად პასუხობს. კითხვებს სვამს.

რა ემოციებს იწვევს სიტყვა "წარმატება"?.

სიტყვა "წარმატება" თუ რა ემოციებს იწვევს ჩვენში ეს დამოკიდებულია გამოცდილებაზე, რაც ამ სიტყვასთან მიმართებით გვაქვს. ბავშვი რომ იბადება, იმთავითვე იღებს დაკვეთას საზოგადოების მხრიდან, უნდა გახდეს წარმატებული. სიტყვა წარმატება შეიძლება ტვირთიც იყოს, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება ხოლმე. როცა მოელიან ჩვენგან ვიყოთ წარმატებული, მოელიან ისე, როგორც მათ ესმით და არა, როგორც ჩვენ გვესმის. ქოუჩინგის მიზანია "დაშალოს" ეს სიტყვა წარმატება, დააკონკრეტოს, კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩემთვის წარმატება? რაც უფრო ცხადია პასუხი ამ კითხვაზე, მით უფრო ნათელი ხდება მისაღწევი გზაც.

რა უშლით ხელს ადამიანებს ხშირად წარმატების მიღწევაში..

ეს შეიძლება იყოს შიში სიახლის და ცვლილებების, ხშირად ადამიანი იმდენად მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას, ეშინია, თვითრწმენა აკლია, რომ გადადგას ნაბიჯი და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს. გარდა ამისა, რთულია კომფორტის ზონის დატოვება, რომელსაც იქმნის ადამიანი მის გარშემო. ნაცნობ გარემოში როცა ცხოვრობ, ყველაფერი ცხადია, პროგნოზირებადია, უსაფრთხოდ ხარ. როცა ყველაფერი ნათელია, რას რა მოყვება. თუმცა კომფორტის ზონაში აღარ ვითარდება ადამიანი, არც პიროვნულად და არც პროფესიულად. როცა ადამიანი გადაწყვეტს ახალი მოგზაურობა დაიწყოს პიროვნულ და პროფესიულ სფეროში, ამ დროს არ არის მარტივი კომფორტის ზონის დატოვება, რადგან სამყარო მოულოდნელობებით არის სავსე, ვეღარ აკონტროლებ მომავალს, ვეღარ წარმოიდგენ, ზუსტად რა მოხდება, ვეღარ პროგნოზირებ.

ერთ-ერთი შეკითხვაა "დემოკრატიის ინსტიტუტის" ქოუჩინგის სესიაზე - "რა არის ის, რაც თქვენ გულს ამღერებს"..

ეს არის, რასაც ვაკეთებ. საუბარი და მხარდაჭერა ადამიანების, წვლილის შეტანა, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში არის ის, რომ ადამიანი თვითონ ძლიერდება იმგვარად, რომ მომავალში უფრო მედეგი ხდება ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე.

როგორ მიდიან ადამიანები აქამდე.. როგორ ხდება ეს?

როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ სურს განვითარდეს და გააუმჯობესოს მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი და იგი ესწრება ქოუჩინგის სესიებს, მნიშვნელოვანია ქოუჩმა შექმნას უსაფრთხო, მიმღებელი გარემო. იყოს ემპათიური და გამოხატავდეს გულწრფელ ინტერესს პიროვნების მიმართ. შექმნას შემოქმედებითი ატმოსფერო.

პიროვნული ტრანსფორმაციის ბევრი საინტერესო მაგალითია..

მახსოვს ადამიანი, რომელიც "დემოკრატიის ინსტიტუტის" მსგავს პროგრამაში ჩაერთო, გრძელვადიანში, იმ რეგიონში სადაც ეს პროგრამა ხორციელდებოდა, ჩვენი პროგრამის ბენეფიციარი დაახლოებით 5-6 წელი იყო, რაც გადავიდა საცხოვრებლად. უჭირდა ადაპტაცია, თან საოჯახო საქმეების გამო მოწყვეტილი იყო შრომის ბაზარს. ეს პროგრამა ერთგვარი გამოწვევა იყო და შესაძლებლობაც. როცა გაიგო, ჩაერთო. ქოუჩინგის სესიების შემდეგ ძალიან აქტიური გახდა, შედეგად, განაგრძო პროფესიულ სასწავლებელში სწავლა და ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. ქოუჩინგის სესიებს ახასიათებს ასეთი რაღაც, ეფექტი პროგრამის დასრულების შემდეგაც გრძელდება. პროგრამის დასრულების შემდეგ მე და ბენეფიციარი ვუცვლით პერიოდულად ერთმანეთს ინფორმაციას. პროგრამის დასრულებიდან 2 წელი გავიდა და ახლახანს შემხვდა მისი პოსტი სოციალურ ქსელში, მენეჯერის პოზიციაზეა და ეძებდა 3-4 ადამიანს, რომელთაც თავის სამსახურში დაასაქმებდა. დასაქმების მერე თვითონ გახდა დამსაქმებელი.

მახსენდება კიდევ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი პროფესიული გამოცდილება. სხვა ცხოვრებისეული გამოწვევაც ჰქონდა. მახსოვს იმდენად დიდი ენერგია, მხარდაჭერა, ძალა იგრძნო ამ პროგრამისგან, CV-ბით მიდიოდა დამსაქმებელთან და სთავაზობდა კანდიდატურას, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ ჰქონდა. ეს ადამიანი დასაქმდა და მისი შუამავლობით კიდევ ქოუჩინგის პროგრამის 3 მონაწილე დაასაქმა თავის სამუშაო კომპანიაში. ისეთი ძლიერი მუხტი იქმნება მსგავს პროგრამებში, თითოეული პროგრამის ჯგუფი გუნდი ხდება და თითოეული წევრი მნიშვნელოვანი რესურსი ხდება დანარჩენებისთვის. მჯერა რომ პიროვნული განვითარების პროგრამებს შეუძლიათ ადამიანების ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ, ალბათ ამიტომაც ვარ ამ პროგრამებში ჩართული, რომ საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი.

ფოტო "დემოკრატიის ინსტიტუტის" ქოუჩინგის ონლაინ სესიიდან

"დემოკრატიის ინსტიტუტის" პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართული პირები პროფესიონალი „ქოუჩის“/ კონსულტანტის დახმარებით განივითარებენ პიროვნულ უნარებს და მოახდენენ სწორ პროფესიულ ორიენტაციას შემდგომი განათლებისა და დასაქმებისათვის.
გარდა ამისა, მონაწილეებს პიროვნული ზრდის პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ სამეწარმეო განათლება, დასაქმდნენ პროექტის სამიზნე ორგანიზაციებში და პროექტითვე განსაზღვრული საგრანტო პროგრამის საშუალებით წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯს მთლიანად ფარავს ევროკავშირი.
პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.