„ვიცით, ბატონო ვიცით, მაგრამ გამოვსწორდებით“

„ვიცით, ბატონო ვიცით, მაგრამ გამოვსწორდებით“

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პროექტის „ხალხის ხმა-თვითმმართველობაში“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახლეობის მიერ ინიცირებული ოთხი პეტიცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინდა, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობას წარდგენილი პეტიციების განხილვა, ინიციატორებისა და საკრებულოსათვის უწყების პოზიციის გაცნობა დღემდე არ მოუხდენია.

რატომ დაიკარგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან პეტიციების გადაგზავნის შემდეგ კომუნიკაცია გამგეობასთან? რატომ არ იცის დღემდე გამგეობის პასუხი მინიციპალიტეტის საკრებულომ მოსახლოების მიერ ინიცირებულ პეტიციებთან დაკავშირებით? - ამ და სისტემის მუშაობისას გამოვლენილ სხვა ხარვეზებთან, სამომავლო გეგმებთან დაკავშრებით პროექტის „პეტიცია- ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს.

„ვიცით, ბატონო ვიცით, მაგრამ გამოვსწორდებით, კომუნიკაცია დაიკარგა თუმცა აღდგება“-ასეთი პასუხი გასცა ლანჩხუთის გამგებლის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს. ნუგზარ ცინცაძემ პეტიციებზე დაგვიანებული რეაგირების მიზეზად მოუცლელობა და უწყებაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის არარსებობა დაასახელა.

თუ გამგებლის მოადგილის დამოკიდებულებით ვიმსჯელებთ გამგეობის მიერ პეტიციების თაობაზე ოფიციალური პასუხის გასაჯაროებამდეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პეტიციების ნაწილი შეუსრულებელი დარჩება.

ნუგზარ ცინცაძე-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე -„პეტიცია სავარაუდოდ მხოლოდ ფურცელზე დარჩება, რადგან შესრულების მექანიზმი არის სუსტი, არ გვაქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, ტრანსფერები მოდის მიზანმიმართულად და მუნიციპალიტეტს კორექტირების შეტანის საშუალება არ აქვს“.

მოსახლეობის მოთხოვნების შეუსრულებლობის კიდევ ერთ მიზეზად გამგებლის მოადგილემ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან რიგ საკითხებში შეუთავსებლობა და მოსახლეობის ჩართულობის დაბალი დონე დაასახელა.

ნუგზარ ცინცაძე-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე -„ბრძოლა მიდის ადგილობრივ თვითმმართველობასა და ზემდგომ ორგანოებს შორის“. „სოფელი და ჭკვიანი ხალხი უნდა დაჯდეს და საკითხის ინიცირება მოახდინოს, როცა ზემოდან ვიღაცა, რაღაცას გვკარნახობს არასწორია. აუცილებელია ხალხის აზრი და ჩართულობა, რომ მათი აზრი არ მოგვახვიონ თავზე.“

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მუნიციპალიტეტის წარმოამდგენლებს სისტემის დახვეწის და გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციებიც გაუზიარა და იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება რასაც სისტემის გამართულად მუშაობა გამოიწვევს.

არჩილ ხახუტაიშვილი-„დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი-„სისტემა თუ გამართულად ამუშავებს, შემცირდება პრობლემებით მოსახლოების მიმართვიანობის რაოდენობაც.

შეხვედრის ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა საკრებულოს რეგლამენტში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებისა და მოსახლეობის ჩართულობის კომპონენტის გაზრდის მხრივაც.

დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტს „პეტიცია -ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.