უფასო იურიდიული დახმარების სფეროში სიახლეებია

უფასო იურიდიული დახმარების სფეროში სიახლეებია


2015 წელს იურიდიული დახმარების სფეროში სიახლეებია, კერძოდ, 2015 წლის 15 აპრილიდან, გადახდისუუნარო პირებისათვის, უფასო საადვოკატო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევას უზრუნველჰყოფს იურდიული დახმარების სამსახური.

„იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა უფასო იურიდიული დახმარების გაწევის დროებითი წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, 2015 წლის 15 აპრილიდან უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი იქნება საოჯახო სამართლის, მემკვიდრეობის, ასევე სოციალურ დახმარებასთან, პენსიებთან, დევნილთა უფლებებთან, ჯანმრთელობის დაცვასა და პაციენტთა უფლებებთან, ვეტერანთა და საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახების სოციალურ დაცვასთან, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღნიშნული კატეგორიების საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი იქნება, თუ პირი იქნება გადახდისუუნარო და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა მიზანშეწონილი იქნება საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის გაწევა კი 2016 წლის 1 იანვრიდან მოხდება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სფეროში, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებით შეიძლება განისაზღვროს საქმეთა სხვა კატეგორიები, რომლებზეც უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა მოხდება. ამასთან, სასამართლოს ექნება უფლება დანიშნოს წარმომადგენელი სახელმწიფოს ხარჯზე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ნებისმიერ საკითხზე, თუკი საქმის განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესით იქნება შესაძლებელი.