"აღმოვაჩინეთ მაჭახელა"

"ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის" ბენეფიციარებმა საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე ულამაზესი მაჭახელას ეროვნული პარკი დაათვალიერეს.

თოფის მონუმენტი, დაკიდული ხიდი, II მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, დუნგას ჩანჩქერი, მუზეუმი და სხვა ტურისტული ადგილები ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულად შთაბეჭდავი იყო.

რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს და მსგავსი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. პროგრამით მოსარგებლე პირების მძიმე სოციალური ფონის მცირედით გაუმჯობესებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხშირად გეგმავს კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს: ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას.