ახალი პლატფორმა ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში

ახალი პლატფორმა ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში

პეტიციის ელექტრონულად რეგისტრაციისთვის საჭირო პლატფორმა ხობისა და სენაკის საკრებულოებმაც აამოქმედა. შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს საკუთარი მოთხოვნების, მნიშვნელოვანი თემების საკრებულომდე მიტანა უკვე სახლიდან გაუსვლელად ელექტრონულად შეუძლიათ.

ეს ერთი-ერთი საკითხი იყო, რომელსაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან პეტიციის გზით ითხოვდნენ. პეტიციის ელექტრონული ფორმით წარსადგენად საჭირო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით შემუშავებული პეტიცია, რომელსაც ხელს ასობით მოქალაქე აწერდა საკრებულომ დადებითად სცნო და შესაბამისი დადგენილებაც მიიღო.

ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ვებ გვერდებზე განთავსდა ინსტრუქციაც თუ ვის აქვს ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება, როგორ უნდა შევავსოთ პეტიცია.

პეტიციის ელექტრონულად რეგისტრაციისთვის საჭირო შესაბამისი ელექტრონული აპლიკაციის ფორმა, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდებზეა ინტეგრირებული, საქართველოს მასშტაბით სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტს აქვს.

მალე კი ანალოგიური პლატფორმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც ამოქმედდება და მისი ინტეგრირება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. Ozurgeti. Mun. ov.ge მოხდება.
აღნიშნული საკითხის გადაჭრას ოზურგეთის მცხოვრებლები მუნიციპალიტეტისგან პეტიციის გზით ითხოვდნენ. პეტიცია ოზურგეთის საკრებულოში მიმდინარე წლის თებერვალში დარეგისტრირდა. საკითხზე საკრებულომ იმსჯელა და მისი დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო.

პეტიციები დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „პეტიცია ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მომზადდა.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარადჭერით 2016 წლიდან ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.