ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში

ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში

არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერების მიზნით დემოკრატიის ინსტიტუტმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს:

  • სამოქალაქო უფლებების დაცვა;
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები;
  • ბავშვთა ზრუნვა;
  • სამომავლოდ განათლების/დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობა;
  • ქალთა უფლებების ადვოკატირების მიზნით, „მომავალი ლიდერების“ გამოვლენა;

აჭარაში საუკუნეებს ითვლის ადრეულ ასაკში ქორწინება, განსაკუთრებით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. ახალგაზრდა გოგონების უმრავლესობა ოჯახებს საჯარო სკოლის დამთავრებამდე ქმნიან, რაც მათ, ხშირ შემთხვევაში, სრული განათლების მიღების და დასაქმების შანსის გარეშე ტოვებს. თუმცა, ახალგაზრდებს შორის მრავლად არიან ისეთებიც, რომლებსაც ოჯახის შექმნის მიუხედავად აქვთ განათლების მიღების, საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების სურვილი, მაგრამ საჭირო სერვისების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

პროექტი „ახალი პერსპექტივები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ უზრუნველყოფს იურიდიულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას, იმისთვის რომ ქალებს გააცნონ კანონით განსაზღვრული თავიანთი უფლებები, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მიღებული ცოდით ადვოკატირება გაუწიონ თავიანთ ოჯახებს. ასევე, პროექტის ფარგლებში მიღებული დამატებითი განათლება და უნარ-ჩვევები დასაქმების ან საოჯახო ბიზნესის ამოქმედების საფუძველს შექმნის.

პროექტის პრეზენტაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე გაიმართა. მომდევნო ეტაპზე ზემოთხსენებულ საკითხებზე დაიწყება ტრენინგების ჩატარება. პარალელურად გამოვლინდებიან მომავალი ლიდერები, რომლებიც პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს თავიანთ სოფლებსა და თემებში გაავრცელებენ.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.