ახდენილი ოცნება

ახდენილი ოცნება

უკვე 40 წელია სამკერვალო საქმიანობითაა დაკავებული, კერავს ყველაფერს მისი ფანტაზიით, სხვისი თხოვნით თუ შეკვეთით. ამჟამად აღნიშნული საქმიანობა მისი 5 წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

66 წლის ვარდო ვერულიძე ქალაქში იმ მცირე რაოდენობის მკერავებს მიეკუთვნება, რომლებიც ბეწვსა და ტყავზე მუშაობენ.

ასაკის მატებას არ უშინდება, არც შეკვეთების რაოდენობას უჩივის. ამბობს, რომ მისი კლიენტები ჰყავს. ერთადერთი სურვილი თანამედროვე სკერავი მანქანა იყო. ხშირად მოძველებული მანქანის გამო, შეკვეთების შესრულება უგვიანდებოდა.

იხსენებს, რომ თანამედროვე საკერავი მანქანის არარსებობას უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩაუგდია. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მისი მეგობრები იყო. ისინი მას შეკვეთების შესასრულებლად ხშირად საკუთარ მანქანებს უთმობდნენ.

„ხანდაზმულების გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტის შესახებ სწორედ მეგობრების დახმარებით გაიგო და „დემოკრატიის ინსტიტუტს“ დახმარებისთვის მიმართა. ქალბატონმა ვარდომ მონაწილეობა ხანდაზმულთა გასაძლიერებლად ორგანიზაციაში მოქმედ მცირე საგრანტო კონკურსში მიიღო. საკონკურსო კომისიამ მისი გეგმა მოიწონა, შესაბამისად ორგანიზაციამ მას თანამედროვე, მრავალფუნქციური საკერავი მანქანის შეძენა დაუფინანსდა.

ვარდო ბებოს სამკერვალოში ახლა უკვე მისი ადგილი აქვს, სადაც საკუთარი გეგმებისა და იდეების განხორციელებას შეძლებს. ამბობს, რომ ახლა უკვე არც შეკვეთების სიმრავლე აშინებს. სასწავლო პროცესის დაწყებასაც ელოდება. ახალი მანქანის იმედად სკოლებისგან შეკვეთები უკვე აიღო. იმედი აქვს, რომ მალე მისი და მისი ოჯახის შემოსავლის წყარო საგრძნობლად გაიზრდება.

„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.