''აქ გართობის და დისკოთეკების ადგილი არ არის, ჯობია სკვერი მოეწყოს'' - ახალსოფლის მცხოვრები

''აქ გართობის და დისკოთეკების ადგილი არ არის, ჯობია სკვერი მოეწყოს'' - ახალსოფლის მცხოვრები

ხელვაჩაურში, ახალსოფლის მცხოვრებლები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ გასაცნობად ახლადაშენებული სპორტული მოედნის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მიზეზი - ლოგიკურია. აქ მცხოვრებლები ამ ადგილზე სკვერის მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა აღნიშნული ტერიტორია კაფე-ბარების და გართობის სხვა ობიექტების მშენებლობისთვის გამოიყენონ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და პრიორიტეტს რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნას ანიჭებენ. „აქ გართობის და დისკოთეკების ადგილი არ არის, ჯობია სკვერი მოეწყოს“ - აღნიშნა შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა ახალსოფლის მცხოვრებმა.

პრობლემური საკითხების ჩამონათვალშია - წყლის ძველი სისტემის აღდგენა/რეაბილიტაცია და მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა. ახალსოფელში არც დამისამართების აბრები „არსებობს“.

ადგილობრივების საცხოვრებელ მისამართს მხოლოდ მათი პირადობის მოწმობებიდან გაიგებთ. დასახლებაში დამისამართების აბრების დამზადებასა და მონტაჟს ითხოვენ.

შეხვედრის მონაწილეებს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა პროექტის ამოცანის, მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და დასახლებაში არსებული საპეტიციო, პრობლემური საკითხები განიხილეს.