ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია გაეწიათ, საჭიროების შემთხვევაში კი ექოსკოპიური და სხვა დამატებითი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ.

მეან-გენეკოლოგი ცუცა ჟღენტი მსგავსი აქციების საჭიროებაზე:

„მივესალმები მსგავსს აქციებს, რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობა ქალისთვის უმნიშვნელოვანესია. გინეკოლოგთან ვიზიტს, ქალების უმრავლესობა ვერ ახერხებს, ფინანსების არ ქონის გამო, ან შეგნებულად იკავებენ თავს, რასაც საბოლოოდ არც თუ ისე კარგ შედეგებამდე მივყავართ. ბოლო წლებში, გახშირებულია ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებლი, ამიტომ დროული გამოკვლევა და დიაგნოზი მნიშვნელოვანია. ამ აქციის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამ ქალბატონების რეპროდუქციულ სისტემაში დროულად აღმოვაჩინოთ რაიმე პრობლემა"

აქციაში ოცამდე ქალი მონაწილეობდა.

„როდესაც დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს აქციაში ჩართვა დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ეს აქცია ჩემთვის ძალიან საჭირო და დროული იყო. დიდი ხანია მინდოდა ექიმთან მისვლა, წლების განმავლობაში ვგეგმავდი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორც ხდება ხოლმე, ვერ ვახერხებდი. ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას არ აქცევს ყურადღებას, სანამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდება. საბედნიეროდ, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ სერიოზული პრობლემა არ მაქვს, თუმცა მსგავსი გამოკვლევა ყველა ქალმა პერიოდულად მაინც უნდა ჩაიტაროს. ქალებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ვაგებთ პასუხს, ჩვენ შვილების მომავალი გვაბარია, ამიტომ ვალდებულები ვართ, საკუთარ ჯანმრთელობას მივაქციოთ სათანადო ყურადღება“ – გვითხრა 28 წლის აქციის მონაწილე ბენეფიციარმა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ეს მესამე სამედიცინო აქცია იყო. გასულ პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს უფასო კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61