ბიზნესის მართვის  ტრენინგის მეორე ეტაპი დასრულდა

ბიზნესის მართვის ტრენინგის მეორე ეტაპი დასრულდა

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტში ერთ-ერთი მთავარი განათლების მიმართულებაა, რაც ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამების შეთავაზებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ-კურსები ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში სამომავლოდ მათი დასაქმების წინაპირობა ხდება.

სწორედ განათლების კომპონენტის ფარგლებში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ბიზნესის მართვის ტრენინგის მეორე ეტაპი ჩატარდა.

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ბიზნეს გეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება -ეს ის საკითხებია, რომლებიც ტრენინგის მონაწილეებმა ტრენინგ-კურსის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მოისმინეს.

ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბენეფიციარებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა, რომელიც სამომავლოდ მცირე საოჯახო ბიზნესის წამოწყებასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.

ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაზე“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრე ზემო-სვანეთსა და იმერეთში სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირის მხარდაჭერით მუშაობს. განათლების მიმართულება პროექტში ერთ-ერთი მოთხოვნადი კომპონენტია. ბენეფიციარები ხშრად თავადვე ადასტურებენ, რომ ტრენინგ-კურსების გავლა და ცოდნის ამაღლება მათ რესოციალიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება. სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის ტრენინგ-კურსების ჩატარებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები სამომავლოდაც გეგმავენ.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი "აფხაზინტერკონტი" ახორციელებს.