მცირე ბიზნესის განვითარება - ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

მცირე ბიზნესის განვითარება - ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ბიზნეს გეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები "დემოკრატიის ინსტიტუტში" ტრენინგზე გაეცნენ.

ტრენინგს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. მხატვარ-დიზაინერი, სანტექნიკოსი, ავეჯის ხელოსანი, სტილისტი. ზოგიერთ მათგანს წარმატებული ბიზნესი აქვს, მსმენელთა ნაწილი კი სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაშიც ტრენინგი მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ტრენინგის მიზანი სწორედ ბენეფიციარებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა, რომელიც სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.

მსმენელთა შორის იყვნენ ისეთებიც რომლებმაც თავიანთი საქმიანობა ნულიდან დაიწყეს, მაგრამ დაუღალავი შრომითა და მიზანსწარფულობით, დღეს ბათუმში წარმატებული ბიზნეს საქმიანობა აქვთ.

როგორია იყო ქალი ბიზნესმენი და როგორ დაიმკვიდრა თავი ადგილობრივ ბაზარზე სალონის მეპატრონემ, რომელიც ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

„13 წელია სალონში თანამშრომლები უცვლელად მყავს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული კლიენტი კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან. ამასთან მე ჩემს თანამშრომლებს ვენდობი და ვაფასებ მათ შრომას. ჩვენმა ტრენერმაც სწორედ ეს აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით შრომისმოყვარე და სანდო ადამიანები შემოიკრიბო, შეუქმნა მათ კარგი სამუშაო გარემო და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ წლებია საკუთარი ბიზნესით ვარ დაკავებული და ძალიან კარგად ვიცი ჩემი საქმე, ტრენერისგან ბევრი სიახლე და საინტერესო ინფორმაცია მივიღე“ - აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ.

ტრენინგი ჩატარდა "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც "დემოკრატიის ინსტიტუტი", "გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან", "თანაზიართან" და "ფონდ აფხაზინტერკონტთან" ერთად ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.