''ჩემი ოცნება პატარა სახელოსნოს მოწყობაა''

''ჩემი ოცნება პატარა სახელოსნოს მოწყობაა''

„ჩემთან მოვიდა ცოტათი დაბნეული, გაურკვევლობაში მყოფი, დალოცვა მთხოვა. დავლოცე რა თქმა უნდა, გავესაუბრე, მახსოვს დიდხანს ვისაუბრეთ. ყველაფერი მომიყვა რა მძიმე წლებიც გამოიარა. მას სამსახურის დაწყება სურდა. ვკითხე რისი კეთება შეეძლო და აღმოჩნდა, რომ ხეზე კვეთა იცოდა. მას შემდეგ ჩემს სახელოსნოში ერთად ვმუშაობთ, ჩემი სულიერი შვილია “. - ასე იხსენებს მამა შიო ყოფილ პატიმართან შეხვედრას, რომელმაც ციხეში გატარებული მძიმე წლების მიუხედავად, ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო.

რამაზ ასლანიშვილმა 15 წელი ციხეში გაატარა, გათავისუფლების შემდეგ დასთან ცხოვრობდა. არ უნდოდა სხვის ოჯახს ტვირთად დამატებოდა, ამიტომ სამსახურის მოძიება გადაწყვიტა. ნებისმიერი სამუშაო მისთვის მისაღები იყო. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა ფიქრობდა რომელიმე სამშენებლო კომპანიაში მუშად ემუშავა, მაგრამ ყველამ უარი უთხრა.

იყო გაურკვევლობა, მძიმე დღეები, ჭიდილი საკუთარ თავთან, ფიქრები დანაშაულზე, პატიმრობაზე და ცხოვრების დასასრულზე, მაგრამ ყველაფერი ერთმა დღემ შეცვალა.

თბილ მზიან დღეს ისევ სამსახურის საძიებლად სახლიდან დილით ადრე გამოვიდა, ბათუმის ქუჩებს ნელი ნაბიჯებით და ღრმა ფიქრებით გაუყვა. დაღლილი წმ. ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ სკვერში ჩამოჯდა. სწორედ ამ დღეს შეხვდა მამა შიოს, რომლის წყალობითაც ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

ყოფილი პატიმარი - ხეზე კვეთის ოსტატი

ხეზე კვეთა რამაზმა ციხეში ისწავლა, საპატიმროდან ოჯახის წევრებს თავის ნამუშევარ ხატებსა და ჯვრებს ხშირად უგზავნიდა. ფიქრებში პატარა ხის საამქროს გაკეთებაზე ოცნებობდა. ოცნება ნაწილობრივ აუხდა კიდეც, მამა შიოს პატარა სახელოსნოში ხატებს, ჯვრებს, საეკლესიო ნივთებს ამზადებს. დღის უმეტეს ნაწილს მუშაობაში ატარებს, ღამითაც იქვე პატარა ოთახში ძინავს.

რამაზის დამზადებულია წმ.ბარბარეს ეკლესიის საკურთხევლის კარი.

მამა შიოსთან ერთად ახლა ერთ-ერთი ტაძრისთვის საიდუმლო სერობის ხელნაკეთ ხატს ქმნის. პარალელურად სხვადასხვა შეკვეთებზე მუშაობს, საეკლესიო ნივთების გარდა, ხის სამკაულების დამზადებაც დაიწყო.

„არასდროს მიფიქრია, რომ ხისგან სამკაულების დამზადება შეიძლებოდა. თქვენმა ორგანიზაციამ შემომთავაზა ეს იდეა, სოციალურმა მუშაკმა ინტერნეტში რამდენიმე მაგალითი მაჩვენა, მეც დავინტერესდი და პირველივე ცდამ გაამართლა. ძალიან ლამაზი ნამუშევრები გამოვიდა. დემოკრატიის ინსტიტუტის ხელშეწყობით ხელსაწყოები ვიყიდე, რომლითაც ბეჭდებს, გულსაბამებს, საყურეებს და სხვა სამკაულებს ვამზადებ. მრავალფეროვნებისთვის ვიყენებ ცივ მინანქარს“

ხის სამკაულები განსაკუთრებით უცხოელებისთვის არის საინტერესო. ნამუშევრებს ტურისტული სეზონისთვის გასაყიდად უკვე ამზადებს, მანამდე კი ყოფილი პატიმარი ხელნაკეთი ნივთების გამოფენას გეგმავს. მისი ოცნება პატარა სახელოსნოს მოწყობაა.

შემობრუნება სიკეთისკენ

დემოკრატიის ინსტიტუტის სოციალური მუშაკი, რომელიც რამაზის რეაბილიტაციაზე მუშაობს ამბობს, რომ ბენეფიციარი ორგანიზაციაში მოსვლის დღის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. რამაზი ახლა უფრო თავდაჯერებულია, მომავლის იმედით, კეთილი ადამიანების რწმენით არის განწყობილი და თავის საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებს.

თავად რამაზი წმ. ბარბარეს ეკლესიაში ცხოვრობს, მამა შიოსთან ერთად მუშაობს, ლოცვებს ხშირად ესწრება და გეგმავს, რომ ბედნიერი იყოს.

პროექტს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი აფხაზინტერკონტი აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.