დანაშაული ოჯახის დასახმარებლად

დანაშაული ოჯახის დასახმარებლად

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში წელიწადზე მეტია, რაც ხორციელედება. რეაბილიტაციის სერვისებით მოსარგებლეები ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახები და პრობაციონერები არიან. ბენეფიციარების დიდი ინტერესი და ჩართულობა დასაქმებისა და თვითდასაქმების პროგრამების მიმართ გამოიხატება, რაც სხვადასხვა კერძო კომპანიაში მათ დასაქმებასა და მცირე გრანტით საკუთარი საწარმოს ამოქმედების ხელშეწყობას გულისხმობს.

რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულია წალენჯიხაში მცხოვრები 64 წლის გულნარა პილპია. პენსიონერი ქალი, რომელმაც წელიწადზე მეტი პატიმრობაში გაატარა, ახლა ოჯახის დახმარებას საკუთარი შრომით ცდილობს. პროფესიით მკერავია, წლების განმავლობაში სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. ხელსაქმე მისი საყვარელი საქმიანობაა, სახლის პირობებში საოჯახო საქმეებთან ერთად ახერხებს კერვას, ძირითადად მეზობლებისთვის თეთრეულებსა და ფარდებს კერავს, შეკვეთა ბევრი არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ მისთვის შემოსავალი საკმარისია და მცირედით ოჯახსაც ეხმარება.


შემთხვევა 2011 წელს მოხდა. იხსენებს, რომ იმ დღეს შვილმა სთხოვა არ წასულიყო, მაგრამ არ დაუჯერა. ოჯახს ფინანსურად უჭირდა, ამიტომ თავს ვალდებულად თვლიდა, რაღაც ფორმით მაინც ეზრუნა მათზე.

„რამდენიმე ქალი დაგვაკავეს, ვინც დავდიოდით ამ საქმეზე, მაგრამ არ ვიცი იმ დღეს რა მოხდა. მანამდე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვართ გადასული და გალიდან ჩვეულებრივად გადმოგვიტანია სიგარეტი, მაგრამ ერთ დღესაც ბედმა გვიმტყუნა. დაგვაკავეს და გაგვასამართლეს. წელიწადი და ექვსი თვე გავატარე საპყრობილეში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ასაკში მსგავსი რამ შემემთხვეოდა“.

ციხეში გატარებული პერიოდი მისთვის რთული იყო. გათავისუფლების შემდეგ საქმიანობა სახლში გააგრძელა, მაგრამ საკერავი მანქანის მოძველების გამო კერვა დროებით შეაჩერა. ორგანიზაცია თანაზიარის დახმარებით ყოფილმა პატიმარმა ახალი საკერავი მანქანა შეიძინა და კერვა ისევ გააგრძელა. თვეში 200-300 ლარის შემოსავალი აქვს, თავისი საქმით კმაყოფილია და ოჯახსაც ეხმარება.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ხორციელდება.

ყოფილმა პატიმრებმა, პატიმართა ოჯახის წევრებმა და პრობაციონერებმა, რომლებსაც სურთ პროექტში ჩართვა, უნდა მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

აჭარა - "დემოკრატიის ინსტიტუტი"

გურია - "გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრი"

სამეგრელო ზემო-სვანეთი - "თანაზიარი"

იმერეთი - "ფონდი აფხაზინტერკონტი"