დასაქმების შესაძლებლობა ყოფილი პატიმრებისთვის

დასაქმების შესაძლებლობა ყოფილი პატიმრებისთვის

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. კერძო კომპანიები ნასამართლევი პირების დასაქმებაზე როგორც წესი თავს იკავებენ, სამუშაოზე მათ უარს ეუბნებიან ასევე საჯარო სამსახურშიც. ხშირ შემთხვევაში, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებთ ქვეყნის დატოვება და სამუშაოდ მიგრაციაში წასვლა უხდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრობლემები საზღვარზე ხვდებათ. საზღვრის გადაკვეთა პირობითი მსჯავრის მქონე პირებსა და ბრალდებულებს ეკრძალებათ. ალტერნატიული ვაკანსიის ძებნა მათ საქართველოში უწევთ, რაც ისედაც რთულია. დასაქმებისა და შემოსავლების არ ქონის გამო, მათი რესოციალიზაცია ვერ ხერხდება და დგება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკ-ფაქტორი.

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს.

პროექტი ბენეფიციარებს ეხმარება გადამზადებასა და პროფესიის შესწავლაში, საარსებო წყაროების შექმნაში, იურიდიული საკითხების მოგვარებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგრამა კომპლექსურია და მოიცავს ბენეფიციართა საჭიროებებზე დამყარებულ სერვისებს იმგვარად, რომ მათ საბოლოოდ ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ და მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა.

რეაბილიტაციის პროგრამაში ერთვებიან ასევე პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები. პროექტში ჩართვისთანავე მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით იგეგმება რეაბილიტაციის პროცესი. ბენეფიციარი ერთვება იმ პროგრამაში, რომელიც მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

ბენეფიციართა საჭიროებები კი უმთავრესად დასაქმებაა. პროგრამით გათვალისწინებული საგრანტო სისტემა ბენეფიციარებს თვითდასაქმებაში უწყობს ხელს, მათ აქვთ შესაძლებლობა მოიფიქრონ საქმე, რომელსაც თავად შეასრულებენ, რაც მათი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გახდება. საქმე შესაძლოა პროგრამის მონაწილე ბენეფიციარმა თავიდან წამოიწყოს ან უკვე არსებული გააძლიეროს.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა სხვადასხვა მიმართულება:

- ხელოსანთა ჯგუფები

- მეფუტკრეობა

- მეფრინველეობა

- მეცხოველეობა

- სოფლის მეურნეობა

- ხელსაქმე

- საიუვილერო საწარმოები

მათ, ვისაც სურთ ჩაერთონ „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ უნდა მიმართონ დემოკრატიის ინსტიტუტს აჭარაში, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს გურიაში, თანაზიარს სამეგრელო ზემო-სვანეთში, „ფონდ აფხაზინტერკონტს“ იმერეთში.