დავა სამშენებლო კომპანიასთან

დავა სამშენებლო კომპანიასთან

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ორსართულიანი, კერძო სახლის გვერდით მშენებარე 16-სართულიანი კორპუსი რომან დუმბაძის ოჯახისთვის შემოსავლის დაკარგვის მიზეზი გახდა.

რომან დუმბაძე ყოფილი პატიმარია. ის "დემოკრატიის ინსტიტუტის" „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარია. მან საპატიმროში ერთი წელი გაატარა. აქამდე რომანის ოჯახი თავს ოთახების სეზონური გაქირავებით ირჩენდა, პარკინგისთვის აქირავებდა დიდ ეზოსაც.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, ის ვერც სახლს აქირავებს და ვეღარც ეზოს – პარკინგისთვის. მიზეზი, როგორც თავად ამბობს, თექვსმეტ სართულიანი სახლია, რომელსაც მისი სახლის გვერდით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია აშენებს.

მაღალსართულიანმა კორპუსმა რომანის სახლი და ეზო დაჩრდილა. სახლის ოთახები დანესტილია, მშენებლობიდან კი როგორც ბენეფიციარი ამბობს, პერიოდულად სამშენებლო ნარჩენები ცვივა, რის გამოც, ეზო პარკინგისთვის გამოუსადეგარია.

რომანი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს გზით აპირებს ბრძოლას. სარჩელისა და საჭირო დოკუმენტების მომზადებაში მას პროექტის იურისტი რამინ გვარიშვილი დაეხმარა.

„აშკარაა, რომ ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, მშენებლობის ნებართვის დროს მერიამ არ გაითვალისწინა მეზობელი მესაკუთრის ინტერესი. კარისა და ფანჯრის ღიობები დუმბაძის საკუთრების მხარესაა განთავსებული, რასაც არ ითვალისწინებდა სამშენებლო ნებართვა. გარდა ამისა, შენობა არ არის დასმული იმ წერტილებში, სადაც ნებართვაა გაცემული. ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული საჩივარია მომზადებული მერიაში. საჩივრის განხილვა მერიაში ახლა მიმდინარეობს. დუმბაძეს შეეზღუდა საკუთრების გამოყენების უფლება, მისმა სახლმა დაკარგა ფასი. მას რეალური მოთხოვნები აქვს,“ – ამბობს იურისტი რამინ გვარიშვილი.

როგორც ბათუმის მერიაში ირკვევა, სამშენებლო კომპანია არაერთხელ იყო დაჯარიმებული, სამშენებლო ნებართვის პირობების დარღვევის, მშენებლობის არასწორად წარმოებისა და შეჩერებული მშენებლობის თვითნებურად გაგრძელების გამო.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის მერია მოქალაქის ადმინისტრაციულ საჩივარზე, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.