ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

დემოკრატიის ინსტიტუტში ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის სამუშაოს მოძიებისა და ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგ-პროგრამა მოიცავდა ეფექტური კომუნიკაციის, CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე დამსაქმებელთან პირველი კომუნიკაციისთვის მომზადებას.

„მსურს სამომავლოდ გავხსნა საბავშვო ბაღი, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და სააღმზრდელო პროცესი იქნება ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო. აქამდე არ მიფიქრია სოციალურ ქსელში გამეკეთებინა გვერდი, სადაც ბაღის რეკლამას განვათავსებდი. ტრენინგზე ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე, რასაც სამომავლოდ ჩემს საქმიანობაში გამოვიყენებ“

„ვარ ხელოსანი, მაქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სადაც მიმუშავია ყველას ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევარი, არასდროს რეკლამა არ გამიკეთებია. ტრენინგის შემდეგ კი ვფიქრობ, შევქმნა საკუთარი გვერდი, საიდანაც გამიცნობენ როგორც კარგ ხელოსანს“

ასეთი შეფასებები დაგვიტოვეს მსმენელებმა ტრენინგის დასასრულს. უმრავლესობამ ტრენინგის მსვლელობის დროს მოიფიქრა საკუთარი ბიზნესის სოციალურ ქსელში რეკლამირება. პრაქტიკული სამუშაოების გზით ერთობლივად განიხილეს სხვადასხვა ბიზნეს კომპანიის გვერდი და რეკლამები.

ინტერნეტ რესურსების გზით საკუთარი ბიზნესის წარმოჩენის შესახებ პრაქტიკული სამუშაოების მომზადების შემდეგ მსმენელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მეორე სესია დაიწყო.

როგორ დავწეროტ cv და სამოტივაციო წერილი? როგორ მოვიქცეთ და როგორ ვისაუბროთ დამსაქმებელთან პირველი კომუნიკაციისას?

ტრენერებმა მეორე სესიაზე ისაუბრეს სამუშაოს მოძიების სხვადასხვა მეთოდზე. ერთობლივად განიხილეს დასაქმების სააგენტოების მიდგომები და კერძო კომპანიების მოთხოვნები, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

უცხოელმა ტრენერმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ლეიშა სომერსმა მსმენელებს სამუშაოს მოძიებისა და საკუთარი ბიზნესის წარმოჩენის საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.

ტრენინგი ჩატარდა დემოკრატიის ინსტიტუტის "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან "გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან", "თანაზიართან" და "ფონდ აფხაზინტერკონტთან" ერთად ახორციელებს.