ეკომიგრანტი ბავშვები ფოლკლორულ ანსამბლში

ეკომიგრანტი ბავშვები ფოლკლორულ ანსამბლში

ქართული ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტში კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი არსებობს, რომელშიც ადგილობრივი, ასევე ეკომიგრანტი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები ცეკვავენ. ანსამბლი სხვადასხვა რეგიონში გასვლით კონცერტებს ხშირად მართავს, მაგრამ მოცეკვავეებს ერთი პრობლემური საკითხი აწუხებთ - ფორმები არ აქვთ. მოცეკვავეები იძულებულნი არიან კონცერტებზე უბრალო შავი ფორმებით გამოვიდნენ.
ქართული კულტურის, ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და ეკომიგრანტი ახალგაზრდების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზნით, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ წალკის მუნიციპალიტეტს მიზნობრივი პროგრამა დაუფინანსა. პროგრამის მიხედვით, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისთვის ფორმების შეკერვა და აქსესუარების შეძენა მოხდა, ანსამბლი აქტიურად გააგრძელებს კონცერტებს, როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე რეგიონულ ტურნეებს მოაწყობს.

"დემოკრატიის ინსტიტუტი" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.