ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილება

ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილება

ფოთის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 11 დეკემბერს მოსახლეობის მიერ წარდგენილი სამივე პეტიცია საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია. საკრებულომ პეტიცია, რომლითაც ადგილობრივები საკრებულოს წევრის ანგარიშის მომზადების და წარდგენის სისტემის გაუმჯობესების მიზნით რეგლამენტში ცვლილებების შეტანას და ანგარიშის სტანდარტული ფორმის დამტკიცებას ითხოვდნენ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

პეტიციის ხელმომწერთა განმარტებით საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების არსებული წესი/პროცედურა იყო ზოგადი და საკრებულოს წევრის საქმიანობის გაუმჯობესების, ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელი იყო, რომ საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის მომზადება გამხდარიყო სავალდებულო, ანგარიშის წარდგენის პერიოდი ყოფილიყო კონკრეტული ( წელიწადში 4-ჯერ), ასევე უნდა შემუშავებულიყო ანგარიშის სტანდარტული ერთიანი ფორმა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ანგარიშის სტანდარტული ერთიანი ფორმა, თუმცა ანგარიშის წარდგენის პერიოდი უცვლელი დარჩა (წელიწადში 2-ჯერ).

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის პროექტების დაფინანსების მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება-ეს კიდევ ერთი საპეტიციო საკითხია, რომელიც ფოთის საკრებულომ დააკმაყოფილა. მათ მიერ მიღებული განკარგულების თანახმად ქალაქ ფოთის საკრებულოს წარედგინება განკარგულების პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუეჯტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ.

რაც შეეხება მესამე საპეტიციო საკითხს: ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ყოველთვიური მოვლის ხარჯების ოდენობის განსაზღვრა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსება. საკრებულომ აღნიშნული საკითხის განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია, თუმცა რადგან საკითხის საბოლოოდ დაწყვეტა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას საჭიროებს, რაც მერიის კომპეტენციაა მუნიციპალიტეტის მერს ეთხოვა განიხილოს და ბიუჯეტში ასახოს აღნიშნული საკითხისთვის საჭირო თანხები.

პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ საქართველოს სამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.