გამოსახლების მოლოდინში

გამოსახლების მოლოდინში

60 წლის მალხაზ ბაკურიძე ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. მალხაზი ყოფილი პატიმარია, თუმცა სტატუსი იმდენად არ აღელვებს, როგორც გამოსახლების თარიღის მოახლოება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახს 20 აპრილს სახლიდან გამოსახლება ემუქრება. ბაკურიძის იპოთეკური ვალი ჯამში 65 000 $ -ია. როგორც ის ყვება, 90-იანი წლების ბოლოს ოჯახმა ბანკისგან 5000 დოლარის სესხება გადაწყვიტა, ამავე ბანკის კრედიტოფიცერმა კი მათ შესთავაზა, რომ დააჩქარებდა სესხის დამტკიცების პროცესს, თუკი ოჯახი მისთვისაც გამოიტანდა დამატებით 2500 $-ს. ბაკურიძეებმა მართლაც 7500 $ სესხი აიღეს. დაზარალებულის თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრედიტოფიცერმა ბევრ სხვა მსესხებელსაც სთხოვა იგივე და ქვეყნიდან გაიქცა.

იპოთეკით დაზარალებულთა შეკრებაზე, მან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

გამოსახლების შემთხვევაში მალხაზ ბაკურიძის ოჯახს წასასვლელი არსად აქვს. შემოსავალი ოჯახს არ გააჩნია. ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს და ტაქსის მძღოლობასაც ვერ ახერხებს, მას მცირეწლოვანი ბავშვების ბავშვთა სახლისთვის მიბარება ურჩიეს, რაზეც კატეგორიულ უარს ამბობს.

„ჩემი ოჯახი დანგრევის პირასაა. მეუღლე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მეუბნება, რომ თუ გაგვასახლებენ, ბავშვებს წაიყვანს თავის ქვეყანაში და წავა. გამოდის, რომ სახლის დაკარგვასთან ერთად ოჯახიც მენგრევა, რა ვქნა?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი.

მალხაზ ბაკურიძე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. პროექტის ფარგლებში მას იურიდიული კონსულტაცია გაეწია, სამედიცინო აქციაში ჩაერთო და ოფთალმოლოგიური გამოკვლევებით ისარგებლა. სამომავლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვება მალხაზის ბავშვებიც.

მიუხედავად მრავალი პრობლემისა ბენეფიციარი „დემოკრატიის ინსტიტუტში“ სხვადასხვა ტრენინგს ესწრება. ბიზნესის მართვის ტრენინგის გავლის შემდეგ კი საკუთარ სახლში საბავშვო სტუდიის გაკეთება გადაწყვიტა. იმედოვნებს, რომ ამ გზით სასარგებლო საქმიანობასაც დაიწყებს და ვალს გადაიხდის.

„ეზო მოვაწესრიგე სპეციალურად, რომ საბავშვო სტუდია მოვაწყო, ან კერძო ბაღს მივაქირავო სახლი. მერიაში, ჩვენი იპოთეკარების სიაა შეტანილი, რომ მოგვცენ საშუალება ავიღოთ დაბალპროცენტიანი სესხი ვალის დასაფარად, რაც ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. თუმცა ამ ვალსაც მერე დაფარვა უნდა და ამიტომაც მინდა სახლი ბაღს მივაქირავო ან სტუდია გავხსნა“, – ამბობს ბაკურიძე.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ბაკურიძეს არ სურს მცირე ფასად სახლის ინვესტორისთვის მიყიდვა.

„ბათუმს ამახინჯებენ, ვისაც როგორ უნდა ისე აშენებს, ძველი ბათუმი აღარაა, სანაპირო აღარაა, კლიმატი იცვლება, დაირღვა ზღვის და მთის ჰაერის კავშირი. ჩემს სახლში სოფლის იდილიაა, დილით ძაღლი ყეფს, მამალი ყივის – ეს მირჩევნია იმხელა კორპუსებში ცხოვრებას“ – ამბობს გამოსახლების მოლოდინში მყოფი 60 წლის ყოფილი პატიმარი.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61