გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა საქართველოში

გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა საქართველოში

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროგრამას, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. პროგრამა გულისხმობს როგორც ბენეფიციართა სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ დახმარებას, ასევე დასაქმების ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესიდეების წახალისებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი წარმატებით ხორციელდება, დემოკრატიის ინსტიტუტის მსგავსად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სერვისებიც წყდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის მდგრადობა სახელმწიფომ სისტემურად უნდა უზრუნველყოს.

რა არის გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა


საქართველოში დანერგვის პროცესშია ე.წ. გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა, რაშიც იგულისხმება პატიმართა დახმარება და მათთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება, დაკავების დღიდან გათავისუფლებამდე და გათავისუფლების შემდეგ. გარდამავალი მენეჯმენტის დანერგვამ საუკეთესო შემთხვევაში სისტემურად უნდა შეცვალოს პენიტენციური სისტემა და მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მეორადი დანაშაულის რაოდენობა.

გარდამავალი მენეჯმენტი გულისხმობს უწყებებს შორის ურთიერთობას, გათავისუფლებისთვის მომზადებას, მსჯავრის დადგენის შემდეგ ინდივიდუალურ მომსახურებას პატიმრებსა თუ ყოფილ პატიმრებთან.

გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამის ევროპული პრაქტიკა

გარდამავალი მენეჯმენტის კვლევაში სამი ქვეყნის: გერმანიის, ჰოლანდიისა და ლიტვის მაგალითია განხილული, სადაც ეს მიდგომა წარმატებით ხორციელდება. ევროპის ამ ქვეყნებში პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტები, საქართველოში კი მუნიციპალიტეტების ჩართულობის დიდი პრობლემაა. მართალია, კანონში წერია, რომ მათ ევალებათ ადგილობრივი პატიმრების რეაბილიტაცია-დასაქმებაზე ზრუნვა, თუმცა რეალურად ამის ადამიანური და ფინანსური რესურსი ძალიან მწირია.

გარდამავალი მენეჯმენტის გეგმა სამინისტროს დონეზე არსებობს, მიმდინარეობს პროფესიონალთა გადამზადება, სასწავლო ვიზიტები. თავიდან სამ პატარა დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს შემთხვევათა მენეჯმენტის პილოტირება, შემდეგ სხვაგანაც. გრძელვადიანი მუშაობაა საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, საპატიმროსა და მის გარეთ საგანმანათლებლო, პროფესიული პროგრამების შესამუშავებლად, რათა ყოფილ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ გაუადვილდეთ თვითრეალიზაცია, დასაქმება და ამაზე პატიმრობის წლებიდანვე იზრუნონ.