გისოსების ორივე მხარე

გისოსების ორივე მხარე

“ოჯახში მყავს ღმრად მოხუცი მამა (85 წლის), რომელიც ფინანსური პრობლემებიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 3 წელია არ მინახია. პაემანზე ვერ ამოდის და მეზობლები მინახავენ სამადლოდ. ჩემი უდიდესი ტკივილია, რომ მამა მარტოდმარტო იმყოფება ოჯახში, ესაჭიროება წამლები, ნორმალური საკვები.“-ეს ამონარიდია სასჯელაღსრულების დაწესებულიდან გამოგზავნილი პატიმრის წერილიდან. მიმოწერის ნაწილს, ჩვენ სწორედ მისი ნებართვით ვასაჯაროებთ.

ალბათ ძალიან რთულია ბნელი საკნიდან, ოთხ კედელში წლების განმავლობაში გამოკეტილს გქონდეს უკეთესი მომავლის იმედი, შეინარჩუნო მტკიცე რწმენა, გჯეროდეს კეთილი ადამიანების და უანგაროდ გაკეთებული საქმის. რთულია, თუმცა როგორც აღმოჩნდა შესაძლებელი. ამას აღნიშნული დოკუმენტის პასუხად, გამოგზავნილი რამდენიმე წერილიც ადასტურებს.

„გმადლობთ, რომ რწმენა დამიბრუნეთ! რწმენა იმისა, რომ ამქვეყნად ჯერ კიდევ არსებობენ, უანგაროდ სიკეთის მაკეთებელი ადმაინები.“

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ზურამ (სახელი შეცვლილია) „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს მიმართა, საკუთარი ისტორია მოუყვა და დახმარება სთხოვა. წერილში ასახული არაერთი ფაქტისა და თხოვნის მიუხედავად მისი მთავარი სურვილი პატიმრობიდან გათავისუფლებამდე მოხუც მამაზე ზრუნვა და აუციელებლი ნივთებით უზრუნველყოფა იყო.

პროექტის განმახორციელებელმა არასამთავორობო ორგანიზაციის წარმოამდგენლებმა პატიმრის მამის სოციალური მდგომარეობისა და საჭიროებების შესასწავლად მასთან ვიზიტი განახორციელეს. მოგვიანებით კი ხანდაზმულთან შეთანხმებით „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მას ჰიგიენური საშუალებები და საკვები შეუძინეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსისგან, სადაც პატიმრის მამა ცხოვრობს ხანდაზმულისთვის შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენის პირობაც მიიღეს.

კეთილ საქმეს, მალევე ციხიდან სამადლობელო წერილი მოჰყვა. პასუხი ორგინალური ფორმით, თბილი, მადლიერებით სასვსე სიტყვებით.

თ-უთა, მეგრული სილამაზის გვიცქერს გისოსიდან,
ა-ხლა ღამეა და თქვენთვის ვლოცულობ...
ნ-აღდია ეს ლექსიც და მოდის სულიდან,
ა-თასი მადლობა!!! სიტყვებს ვერ ვპოულობ...

ზურას ციხიდან გამოსვლამდე სულ რამდენიმე თვეღა აქვს დარჩენილი. მას უკვე დაწერილი აქვს 500 გვერდიანი რომანი,წერის გაგრძელებას გისოსებს მიღმაც გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციას ბენეფიცირად აყვანის სურვილით თავისუფლების მოპოვების შემდეგ უკვე მიმართა.

„მსურს რადიკალურად შევცვალო ჩემი ცხოვრების წესი, ვაპირებ პატიოსნად ვიცხოვრო, ვიმუშაო, მაგრამ ძალიან მაკლია კვალიფიკაცია. ანუ მჭირდება დახმარება და მხარდაჭერა. მე მჯერა თქვენი და იმედით შემოგყურებთ. გთხოვთ დაწვრილებით გამაცნოთ თქვენი პროგრამა და შემიყვანოთ დასახმარებელთა სიაში. გათავისუფლების შემდგომ აუცილებლათ დაგიკავშირდებით“.

გვიყვება, რომ საპატიმროშიც დრო ფუჭად არ გაუტარებია. აქვს კონკრეტული ხედვები. დარწმუნებულია, რომ საკუთარი იდეების განხორციელება პრობაციონერებსა და სახელმწიფოსაც წაადგება.

„მშენებლობაშიც გამეგება რაღაც და სოფლის მეურნეობაშიც, შემიძლია თითქმის ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავლის პოვნა. მაქვს კონკრეტული მიზნები და გეგმები, რომლის სწორად განვითარების შემთხვევაში სახელმწიფოც იხეირებს, პრობაციონერებიც და ყოფილი მსჯავლდებულებიც.“

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების“ დახმარება-გაძლიერებაზე „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრე ზემო-სვანეთსა და იმერეთში მუშაობს. ხშირ შემთხვევაში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათი ერთ-ერთი წევრის საპატიმროში მოხვედრისას მკვეთრად უარესდება, სწორედ ამიტომ პროექტის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს პატიმრის ოჯახის წევრების გაძლიერება წარმოადგენს.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი "აფხაზინტერკონტი" ახორციელებს.