გურიაში ყოფილი პატიმრებისთვის ორი სოციალური საწარმო ამოქმედდება

გურიაში ყოფილი პატიმრებისთვის ორი სოციალური საწარმო ამოქმედდება

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი მოქალაქე წელიწადში დაახლოებით 500-ზე მეტ ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, მის ბიოდეგრადირებას კი საუკუნეზე მეტი დრო სჭირდება. გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოში 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, განსაკუთრებით მსუბუქი პოლიეთილენის პარკის წარმოება, გამოყენება და იმპორტი. 1 აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის გამოყენება და წარმოება.

პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური ალტერნატიული პარკების ნაწარმის შექმნა გახდა.

ქაღალდის პარკების მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაჩნდა იდეა, რომ გურიაში „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ბენეფიციარების ჩართულობით, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების სოციალური საწარმო დაარსებულიყო.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამარ ღლონტის თქმით გურიასა და მის შემოგარენში ქაღალდის პარკების რეალიზების მხრივ არავითარი დაბრკოლება არ შეიქმნება, რადგან ბაზარი სრულად ათვისებული არ არის. ქაღალდის პარკები ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება, მის დასამზადებლად ხეები არ მოიჭრება და პროდუქტი მეორადი მასალისგან დამზადდება.

„გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესსაკონსულტაციო და ბიზნესგრანტების გაცემის სფეროში, დღემდე ორგანიზაციის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 220 000 ევროზე მეტი მოცულობის მცირე გრანტია გაცემული, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ამასთანავე, ორგანიზაციას მისი ქოლგის ქვეშ დაარსებული აქვს ორი სოციალური საწარმო, "ეკოპოლიგრაფ გურია", რომელიც მსგავსი პროფილით საქმიანობს და "ინგლისური აკადემია", რომელიც ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციაა გურიაში. შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის დარგში და სამიზნე მიმართულებებით „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“ მდიდარი გამოცდილება გააჩნია.

კიდევ ერთი სოციალური საწარმო, სადაც ასევე ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდებიან გრავირების საამქრო იქნება. საამქრო გურიაში საფლავის ქვების დამზადება-მოხატვას გულისხმობს.

სოციალურ საწარმოებში თავდაპირველად სამი ან ოთხი ბენეფიციარის დასაქმება იგეგმება. ისინი გამოცდილებისა და სამუშაო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შეირჩევიან.

სოციალური საწარმოები ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

სოციალური საწარმოები "დემოკრატიის ინსტიტუტის" "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ამოქმედდება.

პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.