ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „შემოიტანეთ პეტიციები“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „შემოიტანეთ პეტიციები“

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტს - „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეცნო. ნადიმ ვარშანიძე ახალ პროექტს მიესალმება და მზად არის აქტიური მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე მომზადებული პეტიციები განიხილოს. გამგებელმა “დემოკრატიის ინსტიტუტის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება სამოქალაქო აქტივობის და სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლებობაზეც გაამახვილა. გამგებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ვერ შედგება, თუ მოქალაქეები გარკვეულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას არ იგრძნობენ და ყველაფრის შესრულებას მხოლოდ სახელმწიფოსგან მოითხოვენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიაში პეტიციის ფორმით პრობლემის ინიცირების და გადაწყვეტის ერთი შემთხვევა არსებობს.
პროექტის ფარგლებში “დემოკრატიის ინსტიტუტი” მოსახლეობასთან შეხვედრებს და საპეტიციო პრობლემების კვლევას განაგრძობს. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართონ პეტიციით და ამ გზით ჩაერთონ თავიანთ დასახლებაში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად მუნიციპალიტეტებში პრობლემები ვლინდება, რომელიც პეტიციის სახით საკრებულოებს ეგზავნება. პეტიციის ინიციატორები შეხვედრებზე შერჩეული ლიდერები-აქტიური მოქალაქეები არიან, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ხელმოწერების შეგროვებას. ასევე თავად წარადგენენ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქველმოქმედო ორგანიზაცია "თანაზიარი"; ასოციაცია "ათინათი"; "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი") დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს.