„მეც მათქმევინეთ

„მეც მათქმევინეთ"

„მეც მათქმევინეთ, ჩემი უბნის სახელით მოვედი“- აქტიური დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა ქობულეთში პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია. „მოქალაქეები უფრო აქტიურები და შეურიგებლები უნდა იყვნენ. ჩვენი ხმა თვითმმართველობაში ხმამაღლა უნდა ისმოდეს“ - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობის შემდეგ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტიციის პროექტის კოორდინატორმა არჩილ ხახუტაიშვილმა ქობულეთის მცხოვრებლებს თავიანთ დასახლებასა და ქალაქში არსებული იმ პრობლემების შესახებ ჰკითხა, რომელთა გადაწყვეტაც თვითმმართველობის კომპეტენციაა.
შეხვედრაზე დასახლების და ქალაქის საერთო მნიშვნელობის პრობლემების გარდა ბევრი კერძო ხასიათის პრობლემაც დასახელდა. ინდივიდუალურ საკითხებზე ადგილობრივებმა პროექტის კოორდინატორისგან იურიდიული კონსულტაციები მიიღეს, რაც შეეხება საერთო პრობლემებს:

  • რეაბილიტაციას საჭიროებს ქალაქის ქუჩები, ასევე გზის გარკვეული მონაკვეთები;
  • ტურისტულ ქალაქში არასაკმარისია სანაგვე ურნები და საზოგადოებრივი საპირფარეშოები;
  • ანტისანიტარიაა პლაჟზე;
  • ავარიულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი;
  • შემოღობვას და მართვის საკითხის გარკვევას საჭიროებს ქალაქის სასაფლაო;
  • ტურისტულ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის საათებში არ მოძრაობს;

შეხვედრა იმედიანი განწყობით დასრულდა. პროექტის პრეზენტაცია ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში მიმდინარეობდა. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ასოციაციის ბენეფიციარები.
პროექტის ფარგლებში “დემოკრატიის ინსტიტუტი” მოსახლეობასთან შეხვედრებს და საპეტიციო პრობლემების კვლევას განაგრძობს. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართონ პეტიციით და ამ გზით ჩაერთონ თავიანთ დასახლებაში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად მუნიციპალიტეტებში პრობლემები ვლინდება, რომელიც პეტიციის სახით საკრებულოებს ეგზავნება. პეტიციის ინიციატორები შეხვედრებზე შერჩეული ლიდერები-აქტიური მოქალაქეები არიან, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ხელმოწერების შეგროვებას. ასევე თავად წარადგენენ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქველმოქმედო ორგანიზაცია "თანაზიარი"; ასოციაცია "ათინათი"; "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი") დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს.