„ტკბილი სახლი“ -ხანდაზმულის მიღწეული მიზანი

„ტკბილი სახლი“ -ხანდაზმულის მიღწეული მიზანი

“სამზარეულოში ფუსფუსი ჩემთვის დიდი სიამოვნება და ერთგვარი ჰობია“-ამბობს 67 წლის ნანა სიხარულიძე.
ტკბილეულის ცხობა ახალგაზრდობიდანვე უყვარდა. ამბობს, რომ ზეგავლენა ოჯახმაც მოახდინა.
წლების მანძილზე მთავარი სურვილი საკუთარი საკონდიტროს ქონა იყო. საცხობის სადაც, მისი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას შეძლებდა.

იდეის განხორციელება მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ხელი არ ჩაუქნევია. საკონდიტროსათვის საჭირო ფართისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში მიიღო, იდეა მოუწოდეს და დაუფინანსეს კიდეც.

შედეგად, ქალაქ ოზურგეთის ცენტრს ახალი საკონდიტრო-„ტკბილი სახლი“ შეემატა.

მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ქალბატონი ნანა და მისი მეგორები სირთულეს მომდევნო ეტაპზეც გადაეყარნენ.

შეკვეთების მისაღებად წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ესაჭიროებოდათ. საკონდიტროში არ ქონდათ ყავის მადუღარა, რის გამოც სურვილის მიუხედავად მომხმარებლებს ტკბილ, გემრიელ ნამცხვართან ერთად ყავით ვერ უმასპინძლდებოდნენ, პრობლემას მიქსერის არქონაც წარმოადგენდა,ხშირად აღნიშნულის არარსებობის გამო ნამცხვრებისთვის საჭირო კრემის ამოყვანა ხელით უწევდათ, რაც შეკვეთების შესრულებას დროში აჭიანურებდა . იმისათვის, რომ მომხმარებლებს მეტად ტკბილი და გემრიელი ნამცხვრებით გამასპინძლებოდნენ ყავის საფქვევი და ბლენდერი, საკონდიტროს სუფთად ყოფნისთვის კი მტვერსასრუტი ესაჭიროებოდა.

პრობლემის გადასაჭრელად გამოსავლის ძიებაზე ფიქრი დაიწყო. მეგობრებიდან „გურიის აგრობიზნესცენტრის“ და იქ არსებული ხანდაზმულების დახმარების პროექტის შესახებ გაიგო.
ორგანიზაციაში მისვლის შემდეგ საოჯახო ბიზნესის წარმოების მხრივ არაერთი ტრენინგი გაიარა, მოგვიანებით ბიზნეს-გეგმაც დაწერა და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად დახმარება ითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ხანდაზმულის იდეა განიხილეს, მოიწონეს და მოთხოვნილი ტექნიკაც დაუფინანსეს.

დღეს საკონდიტროს საქმიანობა ბევრად გაუმჯობესდა. აქვთ შეკვეთები ლანჩებზე. გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა ხილისა თუ შოკოლადის ტორტებზეც.

„ტკბილ სახლში“ მისულ მომხმარებელს უკვე გემრიელ და არომატულ ყავასაც სთავაზობენ, მალე კი უგემრილესი ნამცხვრისა და ყავის დაგემოვნება მსურველებს საკონდიტროს გარეთ, სუფთა ჰაერზეც შეეძლებათ. ქალბატონი ნანას მთავარი სურვილიც ეგ არის, მიზნის მისაღწევად, მაგიდებისა და სკამების შენობის მიმდებარედ განსათავსებლად შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

ისიც დაიჯერა, რომ ოცნებები ხდება. ამბობს, რომ ყველაფერი ასრულებადია. ოცნება, რომლებიც თითქოსდა ძალიან არარეალისტურად გვეჩვენება ერთ დღეს, კეთილი ადამიანების დახმარებით შეიძლება განხორციელდეს, მთავარი სურვილი და მონდომებაა.

„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.
პროექტი ევროკავშირის დახმარებით ბათუმში, ქედაში, ქობულეთსად ა ოზურგეთში ხორციელდება.