„ასე ცხოვრებაში არ გამმართლებია“

„ასე ცხოვრებაში არ გამმართლებია“

საზრუნავი ბევრი აქვს ამიტომ მუშაობას დილით ადრე იწყებს. ამზადებს საკვებს ბოცვრებისთვის, უცვლის წყალს და ასუფთავებს გალიებს. ამბობს, რომ ადრე ბოცვერსა და კურდღელს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა, თუმცა ინტერნეტის საშუალებით ბევრი ინფორმაცია მოიძია, ბოცვრების მოვლაც ისწავლა და მათი რეალიზების გეგმა დასახა. მცირე ფერმის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საპატიმროდან გათავისუფლდა და შინ დაბრუნებულს სამუშაოს მოძიება გაუჭირდა.

ამბობს, რომ ბოცვრების მოშენება ძალიან მომგებიანია, ბოცვრის ხორცზე მოთხოვნა რეგიონში დიდია, 1 კგ. ხორცის ფასი საშუალოდ 15 ლარია, ხოლო ერთი დიდი ბოცვერი კარგად მოვლის შემთხვევაში შესაძლოა 12 კილოგრამსაც იწონიდეს.

„საკვებად ძირითადად ვიყენებ ქერს, ხორბალს, სიმინდს, მზესუმზირის შროტს, კალციუმსა და ფოსფორს. ზამთრის პერიოდში ხდება ვიტამინების შევსება ბოსტნეულითა და პრეპარატების საშუალებით. ბოცვრებს თივა სულ უდევთ გალიაში, მარცვლეულის ჩამატება ხდება დილით და საღამოს. ზრუნვა მათ ყოველდღიურად ჭირდებათ, მაგრამ ეს ჩემთვის საყვარელი საქმე გახდა“ - ამბობს 53 წლის ფერმერი.


გიორგი (სახელი პირობითია) „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის ბენეფიციარია. „ფონდ აფხაზინტერკონტს“ პრობაციის ეროვნული ბიუროს დახმარებით დაუკავშირდა და რეაბილიტაციის სერვისებით დაინტერესდა. სხვა ბენეფიციარებთან ერთად ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარა და პროექტის დახმარებით მცირე გრანტი მიიღო.

„პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს სხვადასხვა ჯიშის ბოცვერი და საკვები შევუძინეთ. მისგან იმდენად დიდი იყო ფერმის მოწყობის სურვილი, რომ ჩვენც დავინტერესდით იდეის განხორციელებით, პრაქტიკულად მასთან ერთად ვიყავით ჩართული ბოცვრების მოძიებაში და სწორედ ისეთები შევუძინეთ, როგორებიც თავად სურდა" - "ფონდ აფხაზინტერკონტის" სოციალური მუშაკი ინგა იმედაძე.

„ასე ცხოვრებაში არ გამმართლებია“ ამბობს ბენეფიციარი და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს. ამბობს, რომ მალე დასავლეთში ყველაზე ცნობილი მებოცვრე გახდება.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში მუშაობს. პროექტის ერთ -ერთი მიმართულება ბენეფიციარების თვითდასაქმების ხელშეწყობაა.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“, „ფონდი აფხაზინტერკონტი“.