„პირველად ვირწმუნე, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები“

„პირველად ვირწმუნე, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები“

ჩვეულებისამებრ მისი დილა მაშინ იწყება, როცა სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ. საოჯახო საქმეებს, რომ მოითავებს, შემდეგ მისივე თქმით ცხოვრების მეორე ეტაპს იწყებს.

უკვე წელიწადზე მეტია მისთვის მეორე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ადგილს ეს პატარა საცხობი წარმოადგენს. ადგილი, სადაც მის გამოჩენას ისევე ელოდებიან, როგორც საღამოს ოჯახის წევრები მის სახლში დაბრუნებას.

ტრაბახი არ უყვარს, ამიტომ დიდი თავმდაბლობით ამბობს, რომ ეს ყველაფერი „გემრიელი ხელის“ გამოა. იხსენებს, რომ ახალგაზრდობიდანვე გურმანი იყო. შესაბამისად ახლა ცდილობს ყველაფერი ისე გემრიელად მოამზადოს, რომ პირველ რიგში დაგემოვნება თავად მოუნდეს და მას მოეწონოს.

საცხობის გახსნის სურვილი ყოველთვის ქონდა და ერთხელაც გადაწყვიტა ეცადა. თუმცა სურდა, რომ ყველაფერი სწორად გაეკეთებინა, ამიტომ გურიის აგრობიზნესცენტრს მიმართა.

„სწავლა სიბერემდეა“-ამბობს 70 წლის ხანდაზმული. სწორედ ამ დევიზით ორგანიზაციაში მისული ხანდაზმულების გაძლიერების პროექტში ჩაერთო, ბიზნესის მართვის მიმართულებით რამდენიმე ტრენინგი გაირა, კვალიფიკაცია აიმაღლა და საკუთარი საწარმოს გახსნაზე სერიოზულად ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო.

მალევე მიხვდა, რომ დახმარების გარეშე საცხობისათვის საჭირო ტექნიკას საკუთარი ძალებით ვერ შეიძენდა. მაინც ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. მცდელობამ შედეგი გამოიღო ორგანიზაციაში ხანდაზმულს საწარმოს შექმნის იდეა მოუწონეს და მოთხოვნილი ტექნიკა დაუფინანსეს კიდეც.

„პირველად ვირწმუნე, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხანდაზმულებზე ზრუნავენ“-ამბობს მერი ცხვარაძე.

ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას განთავსებულ საცხობს დღეს მომხმარებელი არ აკლია. ახლა უკვე გაცილებით დიდი რაოდენობით შეკვეთების მიღება შეუძლია. არჩევანიც ბევრად მრავალფეროვანი აქვს.

ხანდაზმული ამბობს, რომ საცხობში მის გამოჩენასაც მეტად ელოდებიან, რადგან იციან , რომ მისვლიდან მალევე ტერიტორიაზე უგემრიელესი ფუნთუშების, ლობიანების, ქადების, ღვეზელების და ხაჭაპურის სუნი დატრიალდება.

ამბობს, რომ სიცოცხლის ხალისიც დაუბრუნდა. 70 წლის ასაკში ცხოვრება ხელახლა დაიწყო და უხარია, რომ საყვარელ საქმეს აკეთებს.

„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.