პეტიციებში ასახული მოსახლეობის მოთხოვნა

პეტიციებში ასახული მოსახლეობის მოთხოვნა

მეთამბაქოეობა მათთვის ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო წლებია აღარ არის. ამბობენ, რომ ამას მრავალი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი რეალიზაციის პრობლემაა. მათივე თქმით, სახელმწიფოს მრეწველობის ეს დარგი და ადგილობრივი წარმოება დიდად არ აინტერესებს, თუმცა მამა-პაპისეული ტრადიციის შენარჩუნებას მაინც განაგრძობენ. წარმოებული თუთუნის რეალიზებას ისევ საკუთარი ძალებით, მუნიციპალიტეტში ღია ცის ქვეშ ახდენენ.

განსაკუთრებით ის ახარებთ, როცა მათგან შეძენილ თამბაქოს მყიდველი იწონებს. ამბობენ, რომ მსურველებს შორის მრავლად ყავთ უცხოელი ტურისტები, თუმცა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში. ზამთარში რეალიზაციის პრობლემა აქვთ, რადგან ღია ცის ქვეშ ვაჭრობა რთულია. ცუდი ამინდისა და ნესტის გამო, თამბაქო უსველდებათ, შესაბამისად ის მყიდველის მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს.

ამბობენ, რომ მათთვის შეღავათი ხულოს მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა იქნებოდა, სადაც ისინი ვაჭრობას, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზებას და მამა-პაპისეული საქმიანობის გაგრძელებას უკეთ შეძლებდნენ. მათივე განმარტებით, ბაზრის მშენებლობით არა მხოლოდ თამბაქოს მწარმოებლების, არამედ ათობით გარემოვაჭრის პრობლემაც გადაიჭრებოდა.

გარემოვაჭრეებმა საკუთარი მოთხოვნა და სურვილი პეტიციებში ასახეს და მუნიციპალიტეტამდე ამ გზით მიიტანეს. საკითხის გადაწყვეტა ახლა უკვე ახალი მოწვევის მერსა და საკრებულოს მოუწევს. თუმცა, წინა მოწვევის საკრებულომ საკითხის განხილვა მიზანშეწონილად ცნო. უფრო მეტიც, გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, აგრარული ბაზარი მუნიციპალიტეტში ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნება.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობში“ დემოკრატიის ინსტიტუტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად USAID-ის მხადაჭერით 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანი სწორედ მოქალაქეთა გააქტიურებით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ადგილობრივებს პეტიციის მომზადებაში სწორედ „დემოკრატიის ინსტიტუტი „ ეხმარება.