„წერილები საკნიდან“ - ყოფილი პატიმრის პოეზიის საღამო

„წერილები საკნიდან“ - ყოფილი პატიმრის პოეზიის საღამო

„თ-უთა, მეგრული სილამაზის გვიცქერს გისოსიდან,
ა-ხლა ღამეა და თქვენთვის ვლოცულობ...
ნ-აღდია ეს ლექსიც და მოდის სულიდან,
ა-თასი მადლობა!!! სიტყვებს ვერ ვპოულობ...“

ეს მცირე ამონარიდი იმ ლექსიდანაა, რომელიც რამდენიმე თვის უკან ყოფილმა პატიმარმა ორგანიზაცია თანაზიარს საკნიდან მიუძღვნა. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას პოეზიის საღამოს მოწყობას გეგმავდა. მართლაც, რამდენიმე თვეში გათავისუფლდა და 17 დეკემბერს საკუთარი ლექსები და ნოველები საზოგადოებას პირველად გააცნო.

„წერილები საკნიდან“ - ასე ეწოდა საღამოს, სადაც უკვე ყოფილმა პატიმარმა ორგანიზაციისადმი მიძღვნილი ლექსი კიდევ ერთხელ წაიკითხა და აღნიშნა, რომ მომავლის რწმენა და იმედი სწორედ პროექტმა დაუბრუნა.

პოეტი არასამთავრობო ორგანიზაცია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარის“ ბენეფიციარია.

პოეზიის საღამო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა" ფარგლებში ჩატარდა.

აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს.

პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.