"კვილინგი ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა"

მჭიდროდ დახვეული წვრილი ქაღალდის ზოლებისგან სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს ქმნის. ხელოვნების ეს მიმდინარეობა მისთვის ბოლო წლებში საყვარელი საქმიანობა გახდა. კვილინგის გამოყენებით ამზადებს მისალოც ბარათებს, ზარდახშებს, ალამაზებს ალბომებს, წიგნაკებს. ამბობს, რომ ნამუშევრების შექმნას დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ მუშაობის პროცესში დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობს, რადგან საყვარელ საქმეს აკეთებს.

56 წლის ჯულიეტა ფხაკაძე წლებია ორიგამის მიმდევარია, ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხელოვნების ამ მიმართულებით, კარგად ახსოვს ის დღე, როცა დედამ ორიგამის სახელმძღვანელო აჩუქა. ფერადი ქაღალდებისგან სხვადასხვა დეკორატიული ნიმუშების შექმნაც სწორედ მას შემდეგ დაიწყო.

ბავშვობის წლები სწრაფად გავიდა, ცხოვრება კი ორიგამის ფურცლებივით ფერადი არ აღმოჩნდა.

2009 წელს 260-ე მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. მეუღლეც მასთან ერთად დააკავეს, ის 13 წლით დააპატიმრეს. ამბობს, რომ უმძიმესი წლები იყო მათი ოჯახისთვის, შვილები ფაქტობრივად მშობლების გარეშე დარჩნენ. ბიჭი დიდი იყო და მონასტერში ცხოვრობდა, გოგონა კი მინდობით იზრდებოდა. 6 წლიანი პატიმრობა შვილების დარდით გაატარა, თუმცა ციხეში კარგი დღეებიც ახსოვს. ისწავლა ხელსაქმე, მძივებით და ბისერებით მუშაობა, დაეუფლა კვილინგის ხელოვნებას, ამზადებდა სხვადასხვა სამკაულებს. გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, მისმა ნამუშევრებმა ციხის ადმინისტრაციის მოწონება დაიმსახურა. სწორედ ციხეში დაიწყო კვილინგის შთამბეჭდავი ნამუშევრების შექმნა.

ჯულიეტა 2015 წელს ამნისტიით გათავისუფლდა. ოჯახის, მით უფო შშმ გოგონას მოვლა მარტოს გაუჭირდა.

„გოგონა 21 წლისაა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ის ეტლით მოსარგებლეა, ამიტომ მუდმივად ჩემი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება. ბიჭი მეხმარება, მაგრამ გოგონა ითხოვს, რომ მუდმივად მის გვერდით ვიყო, ესეც ალბათ იმ წლების დანაკლისია, რაც მე ციხეში გავატარე“

ჯულიეტა პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ჯერ თავისი პროფესიით ვერ მუშაობს, ამიტომ ისევ ხელნაკეთი ნივთების დამზადება დაიწყო. ყოფილი პატიმარი „ფონდი აფხაზინტერკონტის“ ბენეფიციარია. ორგანიზაციის მხარდაჭერით ხელნაკეთი ნივთებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მასალები შეიძინა. ნამუშევრების რეალიზებას მაღაზიებში ახდენს, ამზადებს ორგანიზაციის ლოგოებს, რაც განსაკუთრებით სხვადასხვა კომპანიებს მოსწონთ. ასევე მცირედი ანაზღაურების ფასად დაინტერესებულ პირებს კვილინგის ხელოვნებას ასწავლის. ქუთაისში გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სამომავლოდ ფიქრობს, რომ თავის პროფესიას დაუბრუნდეს და დასაქმდეს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში „ფონდი აფხაზინტერკონტის“ დახმარებით ჯულიეტა სამომავლოდ პროფესიული გადამზადების კურსს გაივლის, პარალელურად ხელოვნების ნიმუშებს შექმნის და პერსონალური გამოფენისთვის მოემზადება.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში მიმდინარეობს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი.