„ვერასოდეს წარმოვიდგენი, თუ ხანდაზმულობის პერიოდს ასე აქტიურად გავატარებდი“

„ვერასოდეს წარმოვიდგენი, თუ ხანდაზმულობის პერიოდს ასე აქტიურად გავატარებდი“

ფერადი ქსოვილები, ძაფები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამკერვალოში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს.

მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, კერავს ტანსაცმელს, ფარდებს, თეთრეულს. 63 წლის ჯულიეტა იმნაძისთვის ეს ერთგვარი ჰობი და შემოსავლის მთავარი წყაროა.
ამბობს, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ეს პატარა სამკერვალო მისი მეორე სახლია. მუშაობს დილიდან გვიან ღამემდე, რომ შეკვეთები მოასწროს და კლიენტები კმაყოფილი ყავდეს. ბედნიერია იმით, რომ საყვარელ საქმეს აკეთებს.

სამკერვალო იჯარით აქვს აღებული, რის გამოც ხშირად დამატებითი ხელსაწყოების შესაძენად თანხების მობილიზება უჭირს. იხსენებს, რომ სამკერვალოს გამართულად მუშაობისთვის უთო ჭირდებოდა, რათა კლიენტების მოთხოვნა ბოლომდე დაეკმაყოფილებინა და მის ნაშრომსაც ფასი ჰქონოდა.

მეგობრისგან „ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტის“ შესახებ შეიტყო და დახმარებისთვის დემოკრატიის ინსტიტუტს მიმართა. ორგანიზაციაში მისვლის შემდეგ საოჯახო ბიზნესის წარმოების მხრივ არაერთი ტრენინგი გაიარა, მოგვიანებით ბიზნეს-გეგმაც დაწერა და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად დახმარება ითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ხანდაზმულის იდეა განიხილეს, მოიწონეს და მოთხოვნილი ტექნიკაც დაუფინანსეს.

დღეს უკვე იმ პერიოდის გახსენება უჭირს, როცა უთოს გარეშე მუშაობდა. ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სამკერვალოს მრავალფუქნქციური უთო შემატა შეკვეთების რაოდენობაც გაეზარდა.

ყავს კლიენტები, რომლებიც გადაკეთების, ტანსაცმლის გაუთოების მოთხოვნით მიმართავენ.
კიდევ ერთი პლუსი, რომელიც მისივე თქმით პროექტში ჩართვამ მოუტანა ეს არაერთ საიტერესო ღონისძიებაში მონაწილეობაა. ქალბატონი ჯულიეტა კულტურულ აქტივობებშიცაა ჩართული.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხანდაზმულობის პერიოდს ასე აქტიურად გავატარებდი და ამდენ საინტერესო ადამიანს გავიცნობდა“-ამბობს ხანდაზმული ქალბატონი.

„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.
პროექტი ევროკავშირის დახმარებით ბათუმში, ქედაში, ქობულეთსად ა ოზურგეთში ხორციელდება.