ყოფილი პატიმარი - წარმატებული მეფუტკრე

ყოფილი პატიმარი - წარმატებული მეფუტკრე

სამეგრელოში თოდუებთან სტუმრად მისულს ოჯახის უფროსი ჩვეულ ამპლუაში დაგვხვდა. ფუტკრის ოჯახებს ათვალიერებდა, სკებს აწესრიგებდა და ფუსფუსებდა, თითქოს მწერებს ესაუბრებოდა. როგორც კი თვალი მოკრა სტუმრებს საქმეს შეეშვა, ჩვენსკენ გამოემართა და საყვარელი საქმიანობის გასაცნობად მიგვიწვია.

„გაიცანით ესენი ჩემი ოჯახის წევრები არიან, თითოეული მათგანი მიყვარს. ფუტკარზე ყველაფერი ვიცი, ვხვდები როცა უჭირს, როდის ხდება ავად და რა დროს სჭირდება ჩემი დახმარება. ზოგადად ძალიან მშრომელი და უწყინარი მწერია, წლებია მათთან ვმუშაობ და იშვიათად რომელიმემ მიკბინოს. საერთოდ ფუტკარი ცნობს ადამიანს, გრძნობს მის აურას და ხვდება როგორი ადამიანია. თუ კეთილი გულით მიხვალ მასთან არ არსებობს, რომ გიკბინოს, მთავარია ზედმეტად არ შეაწუხო“.

ბეჟან თოდუა 7 წელია, რაც მეფუტკრეობით არის დაკავებული, გვიყვება, რომ თავდაპირველად რამდენიმე სკა ჰქონდა, ფუტკრების მოვლა კარგად არ იცოდა, მაგრამ ტრენინგებით, წიგნებითა და გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციებით საქმიანობა გააფართოვა. ახლა 32 ოჯახი ჰყავს.

მეფუტკრეობაში ყოველწლიურად მრავალი წვრილმანი სამუშაოა შესასრულებელი. რომელიმე მათგანის გადადება დაუშვებელია, მეფუტკრე ახლა სწორედ გამოზამთრებულ ფუტკრებთან საგაზაფხულო სამუშაოებს ასრულებს.

„საერთოდ ფუტკარს ყველა სეზონზე სჭირდება ყურადღების მიქცევა, მაგრამ განსაკუთრებით გამოზამთრების შემდეგ ხდება მნიშვნელოვანი სამუშაოები. უკვე გამოზამთრებული ფუტკრის ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკულია ადრე გაზაფხული, ფუტკრის მოზამთრე თაობა ქრება, ხოლო ახალგაზრდა თაობა რაოდენობრივად ჯერ მცირეა. აუცილებელია დამატებით დათბუნება, კვება, სამკურნალო ღონისძიებები“

მართალია, წლებია მეფუტკრეობით არის დაკავებული, მაგრამ თოდუა სიახლეებს დღემდე ეცნობა და სწავლობს როგორ უნდა გამოიყენოს ფუტკრის სამკურნალოდ ბიოლოგიურად სუფთა მედიკამენტები, რათა თაფლის ხარისხი არ დაზიანდეს. ნაწარმის რეალიზებას თოდუა ადგილობრივ ბაზარზე ახდენს თუმცა ფიქრობს, რომ ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ ის სხვა რეგიონებშიც გაიტანოს.

ბეჟან თოდუა წლებია სოფელ ნარაზენში გამგებლად მუშაობდა, გარკვეული მიზეზების გამო, საპატიმროში აღმოჩნდა. ციხის პერიოდზე არ საუბრობს... პატიმრობის შემდეგ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, მეფუტკრეობით დაინტერესდა და ფუტკრის ოჯახების მოშენება დაიწყო.

ახალბედა მეფუტკრეს საქმიანობის გაფართოებაში დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ დაეხმარა. ორგანიზაცია თანაზიარის დახმარებით მან 20 ოჯახი შეიძინა, ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარა და მეფუტკრეობის შესახებ ბევრ სიახლეს გაეცნო.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი", "ფონდი აფხაზინტერკონტი" დასავლეთ საქართველოში ახორციელებს.