პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შემაჯამებელი პრეზენტაცია

პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შემაჯამებელი პრეზენტაცია

აქტიური მოქალაქეების ინიციატივით, აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებული 158 პეტიცია, 48-სრულად, 73-ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა-ასეთია პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართევლობაში“ სამწლიანი მუშაობის შედეგები.

პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, თემის პრობლემების გამოვლენის, პეტიციების მომზადების, საკრებულოებში ინიცირების მიზნით შეხვედრები გაიმართა სამიზნე მუნიციპალიტეტების 130-ზე მეტ დასახლებასა და სოფელში. ჯამში პროექტის ფარგლებში 200-მდე შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც 2848 მოქალაქე მონაწილეობდა.

პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში 52 პეტიცია დარეგისტრირდა, რომელთაგან 9-სრულად, 29-ნაწილობრივ, 14 კი-არ დაკმაყოფილდა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები სახელდებოდა. ასევე, გამოიკვეთა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება.

პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების ნაწილში მოხდა პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაციის ამოქმედება, რამაც მოქალაქეებს საშუალება მისცა საკუთარი ხმა თვითმმართველ ორგანომდე სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით მიეტანა.

სამწლიანი მუშაობის შედეგები პროექტის გუნდმა ბათუმის, ზუგდიდისა და ოზურგეთის დემორკატიული ჩართულობის ცენტრებში შეაჯამა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, მთავრობის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პეტიციის ინიციატორები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ საკრებულოებში პეტიციის ინიცირების, განხილვისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტის გაუმჯობესების მიმართულებით გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.

სამომავლოდ იგეგმება შემაჯამებელი ბროშურის გამოცემა, რომელშიც პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები, გამოვლენილი ხარვეზები და რეკომენდაციები გაერთიანდება.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართევლობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი 2016 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.