„საპატიმროში 42 კილოგრამს ვიწონიდი“ - ამბავი ყოფილ პატიმარ ქალზე

„საპატიმროში 42 კილოგრამს ვიწონიდი“ - ამბავი ყოფილ პატიმარ ქალზე

ეს ამბავი იმ ყოფილ პატიმარ ქალზეა, რომელმაც ბევრი გაჭირვება, ძალადობა და სტრესი გამოიარა. დღემდე ცდილობს რეაბილიტაციას, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უამრავი დაბრკოლება ხვდება და თავს ხშირად დამცირებულად გრძნობს.

49 წლის ყოფილი პატიმარი, თამარ ინჯგია ნათესავის სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. სენაკიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, რადგან რეგიონში დასაქმება ვერ შეძლო, თუმცა სამუშაოს მოძიება დედაქალაქშიც გაუჭირდა.

სანამ თამარს დააპატიმრებდნენ, სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, (რაზეც საუბრისგან თავს იკავებს) საპატიმროში აღმოჩნდა. მას შემდეგ ბევრი უძილო ღამე გაატარა, მაგრამ თავისუფალ მომავალზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია.

„2012 წელს გავთავისუფლდი. ციხეში ბევრი უსიამოვნო დღე გავატარე. პატიმრები ერთმანეთს ეჭვისა და შურის თვალით უყურებდნენ, იმ სასტიკ პერიოდში ათასი დამცირება და ძალადობა გადავიტანეთ, გარდა ამისა, ცუდი საკვების გამო, ყველას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. საპატიმროში 42 კილოგრამს ვიწონიდი“ - იხსენებს ყოფილი პატიმარი.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თამარმა სამუშაოს მოძიება მალევე დაიწყო. საჯარო სამსახურების მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მონაწილეობდა, როგორც ამბობს მაღალი ქულები მიიღო, იმ დროს ნასამართლობა მოხსნილი ქონდა, თითქოს ერთი შეხედვით დამაბრკოლებელი ფაქტორი არაფერი იყო, თუმცა მაინც არ დაასაქმეს. დღეს ის თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობს.

„სენაკში გავყიდე რაც გამაჩნდა და თბილისში გადმოვედი იმის იმედად, რომ სადმე დავსაქმდებოდი, სამუშაო გამოცდილებაც მაქვს, ინგლისურიც ვიცი მეტნაკლებად, მაგრამ არსად ჩემი ასაკის ადამიანის დასაქმება აღარ სურთ. სასტუმროში, სადაც ვმუშაობ ძალიან ბევრი საქმე მაბარია, მრეცხავიც ვარ, დამლაგებელიც, სამზარეულოშიც ვეხმარები, მაგრამ ანაზღაურება ძალიან დაბალია და იმასაც გვამათხოვრებენ, თვეების განმავლობაში გვიგვიანებენ. თავს დაჩაგრულად და დამცირებულად ვგრძნობ, სად წავიდეს და სად იმუშაოს ჩემი ასაკის ქალმა?“ - ყოფილი პატიმარი ნასამართლევი პირების დასაქმების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. ამბობს, რომ უფრო მეტი ხელშეწყობაა საჭირო, რათა ყოფილმა პატიმრებმა შეძლონ დასაქმება და გაძლიერება.

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ მეგობრისგან გაიგო, სამეგრელოში პარტნიორ ორგანიზაცია „თანაზიარს“ მიმართა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო და მცირე გრანტით საკერავი მანქანა შეიძინა.

სამუშაოს პარალელურად თამარი ქსოვს, კერავს და სუვენირებს ამზადებს. რთული და სტრესული გარემოს შემდეგ ეს მისთვის ერთგვარი თერაპიაა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, ნამუშევრებს ჯერ ვერ ყიდის, თუმცა იმედოვნებს, რომ მის ხელნაკეთ ნივთებს მყიდველი დედაქალაქშიც ეყოლება.

"დემოკრატიის ინსტიტუტის" „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების საზოგადოებაში რესოციალიზაციას, მათი განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით ითვალისწინებს.

პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით "დემოკრატიის ინსტიტუტი", „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და „ფონდი აფხაზინტერკონტი“ ახორციელებს.