„პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებზე საზოგადოებას მცდარი შეხედულებები აქვს“

„პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებზე საზოგადოებას მცდარი შეხედულებები აქვს“

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტი ბენეფიციარების თვითდასაქმებას უწყობს ხელს, რაც მცირე დაფინანსების მეშვეობით საკუთარი საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებას გულისხმობს. საკუთარ საწარმოში ყოფილი პატიმრები თავად საქმდებიან, ასევე ასაქმებენ ოჯახის წევრებს, რაც საბოლოოდ მათი ოჯახის შემოსავლების გაზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.

22 წლის პრობაციონერი, აკაკი ბუკია ერთ-ერთია, რომელსაც მცირე ბიზნესის პროექტი დაეხმარა. მას პატარა საცხობი აქვს, მცირე გრანტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ორგანიზაცია „თანაზიარს“ დაუკავშირდა, პროექტი დაწერა და „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩაერთო. მცირე გრანტით საცხობისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა.

პრობაციონერად გაუგებრობის გამო იქცა. მეგობრებთან ერთად კლუბში ყოფნისას ნასვამს დაცვის თანამშრომლებთან უთანხმოება მოუხდა. ამბობს, რომ ხშირად პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებზე საზოგადოებას მცდარი შეხედულებები აქვს. ხშირია, როცა ნასამართლობის გამო დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, ასეთ დროს ადამიანებს ყველაფრის იმედი ეწურებათ, მაგრამ თუ აქტიურობ და საქმეს კარგად აკეთებ დაბრკოლებები ვერ შეგაჩერებს – ამბობს აკაკი.

ბენეფიციარი ფიქრობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ფინანსურ ხელშეწყობას, არამედ მორალურ მხარდაჭერას, რაც ყოფილ მსჯავრდებულებს მოქმედებისა და აქტიურობისკენ უბიძგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან მსჯავრდებულებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასჯელი უკვე მოიხადეს, ხშირად საზოგადოების სრულფასოვან წევრად არ აღიქვამენ. "ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი" გეხმარება გააცნობიერო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი ხარ და არაფრით გამოირჩევი სხვებისგან. მთავარია, სხვისმა აზრმა შენ შესახებ არ შეგაშინოს“ – ამბობს აკაკი.

აკაკი ახლა სტუდენტია, სამომავლოდ სურს საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს და მისი პროფესიაც ამ გეგმებს უკავშირდება.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61