„ხელსაწყოებით უფრო მარტივია მუშაობა“

„ხელსაწყოებით უფრო მარტივია მუშაობა“

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტით, გიორგის სამუშაოსთვის საჭირო ხელსაწყოები გადაეცა. 29 წლის ყოფილი პატიმარი რამდენიმე წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ხეზე კვეთა პატიმრობის პერიოდში შეისწავლა. მაშინ არ ფიქრობდა, რომ ამ საქმიანობას გააგრძელებდა, თუმცა გათავისუფლების შემდეგ ხეზე კვეთა მისი ოჯახისთვის მთავარი შემოსავლის წყარო გახდა.

გიორგი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. ხეზე კვეთის პარალელურად საამქროში მუშაობს, თავისუფალ დროს სახლში მოწყობილ პატარა სახელოსნოში ჯვრებს, ხატებსა და სხვა საეკლესიო ნივთებს ამზადებს. გიორგის დამზადებული ჯვარი ბათუმის ერთ-ერთ ტაძარშიც არის დაბრძანებული. თავის ნამუშევრებს ძირითადად ახლობლებისა და ნათესავების დახმარებით ყიდის.

როგორც ყოფილი პატიმარი ამბობს, მოთხოვნის მიუხედავად სამეგრელოში ამ მიმართულებით ბევრი ადამიანი არ მუშაობს. გიორგის სურს მისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს.

„კარგი იქნებოდა სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება. შემიძლია ვასწავლო ახალბედებს ხის დამუშავება, მაგრამ ჩემი საცხოვრებელი პირობები არ მიწყობს ხელს. შორს ვცხოვრობ, სწავლის მიზნით, ჩემს სახლში არავინ მოვა. თუკი ზუგდიდში იარსებებს სწავლების ცენტრი სიამოვნებით ჩავერთვები“ - ამბობს გიორგი ვარდია.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილ პატიმარს სამუშაოს მოძიება გაუჭირდა. მეგობრის რჩევით ორგანიზაცია „თანაზიარს“ დაუკავშირდა და ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩაერთო. ორგანიზაციის დახმარებით გიორგის ახლა სამუშაო ხელსაწყოები აქვს.

„ხელსაწყოებით უფრო მარტივია მუშაობა. მანამდე ხელით ვასრულებდი საქმეს, ახლა კი ხელსაწყოების დახმარებით უფრო სწრაფად ვმუშაობ“.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61