"პატიმრობა იყო გამოცდა, რომელიც ჩავაბარე"

გაჩეჩვა, მოთექვა, ღებვა, მერე კომპოზიციის აწყობა და ხატვა – ასე ამბობს თავის სათქმელს მ.გ. თექაზე მუშაობით. ფერების შეხამება და მატყლის დამუშავება მისთვის სიამოვნება და სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატიმრობის წლებში – 49 წლის ქალმა საპატიმროში 2 წელიწადი და 2 თვე გაატარა. თექაზე მუშაობაც იქ ისწავლა და მას შემდეგ არ გაჩერებულა.

„რუსთავის ციხეში ვისწავლე ყველაფერი, იქ ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც სტრესის დასაძლევად მასწავლა თექაზე მუშაობა. მატყლს ოჯახში ყოველთვის ვამუშავებდით, მაგრამ შეღებვა, მოთექვა და მერე ხატვა სულ სხვა რამეა, რაც მამშვიდებს და მაბედნიერებს, ამ საქმემ წამომაყენა ფეხზე,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ჰობი რვასულიანი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის, მ.გ-ს მეუღლე ახლა თურქეთში ჩაის საკრეფადაა წასული, მერე თხილის კრეფაზე იმუშავებს, თექის ნამუშევრები კი თვეში ერთხელ თუ გაიყიდება – ამ შემოსავალს ვერ დაეყრდნობი.

ნამუშევრებს მ.გ. საბოლოოდ ჩარჩოში სვამს, მით უფრო, თუ გასაყიდად ამზადებს. აქამდე ჩარჩოების შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო და ჩარჩოების დასამზადებელი დაზგაც შეიძინა.

„2015 წელს დამიჭირეს, 2017-ში გავთავისუფლდი. 53 წლის ვარ, მაშინ 49-ის ვიყავი. როცა ყოფილი პატიმრები ერთად ვიკრიბებით, ციხეს არ ვახსენებთ, იმდენად შემზარავი იყო თავისუფლების შეზღუდვა, რომ პატიმრობის წლების ხსენება თუ მაინც გვიწევს, „აკადემიის წლებს“ ვახსენებთ.

პატიმრობა იყო გამოცდა, რომელიც ჩავაბარე და გარეთ ნათელი გონებით გამოვედი. ახალი ფურცლიდან დავიწყე ცხოვრება. დღემდე უამრავ ადამიანს ვეხმარები ჩემი შემართებით. როცა ადამიანი ეცემა, ყოველთვის მომხრე ვარ, ფეხზე წამოდგომისკენ ვუბიძგო, ძალა მივცე და ,,უი, რა ცოდო ხარ“ დამოკიდებულება არ მქონდეს.

მ.გ. ამბობს, რომ დაზგისთვის ხერხი, შალაშინი და სხვა დამატებითი ხელსაწყოებიცაა საჭირო, რომ სრულფასოვნად დაამზადოს თექის ნამუშევრებისთვის ჩარჩოები. ოჯახს რომ დაეხმაროს, სხვა საქმეებსაც ითავსებს, ზამთარში მოხუცსაც უვლიდა დროებით, თუმცა ყოფილ პატიმარს სტაბილური სამსახური არ აქვს და მისი მრავალსულიანი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიონერის 200 ლარია.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61