"ყოფილ პატიმარს საქართველოში დამსაქმებლები გიყურებენ როგორც კაციჭამიას"

"დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. აჭარაშიც ანძების თითქმის 90% ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო, კომპანიაში ჩემს დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. სისხლი ჩავაქციე ამ სამსახურში.

მერე დავიწყე ვაკანსიების ძებნა, სადაც მივდიოდი ყველგან ნასამართლობის ცნობას მთხოვდნენ, არსად მეკითხებოდნენ რა ვიცოდი, რა განათლება მქონდა, რა შემეძლო. ყოფილ პატიმარს საქართველოში დამსაქმებლები გიყურებენ როგორც კაციჭამიას“, – გვიყვება 54 წლის ყოფილი პატიმარი, რომელმაც ციხეში 2015-2016 წლები გაატარა.

მიუხედავად პროფესიონალიზმისა და სამუშაო გამოცდილებისა, პირობითად დავითი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ვერ დასაქმდა. შემდეგ ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ შესახებ გაიგო. გათბობა-გაგრილების სისტემების საკუთარი ოფისის იდეა გაუჩნდა, ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ხელსაწყოების შეძენაში დაეხმარნენ.

ამ იდეით ბევრი დააინტერესაა, პროექტი დაწერა, იდეა რეალურ საქმედ აქცია და ახლა ქუთაისში მდებარე გათბობა-გაგრილების სისტემების სოციალურ საწარმოში ოთხი ყოფილი პატიმარი ყავს დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ.

დავითის სოციალური საამქროს იდეა ,,დემოკრატიის ინსტიტუტმა” დააფინანსა. როგორც დავითი გვეუბნება, ქუთაისში გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალი და მზარდია, რადგან სპეციალისტი ქალაქში ცოტაა. მისი საწარმო ახლა ჩეხურ კომპანიასთან ერთად მუშაობს მზის პანელების პროექტზე და როცა ეს იდეაც საქმედ იქცევა, მეტ მსურველს დაასაქმებენ.

დავითს სურს გამოყენებითი ფიზიკა, რაც პრაქტიკულ საქმიანობასა და დასაქმებაში გამოადგებათ, ახალგაზრდებს, ყოფილ პატიმრებს ასწავლოს:

„ყოფილ პატიმრებს, ან მათი ოჯახის წევრებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს შევასწავლიდი საქმეს, ინჟინერი აღარაა ამ ქვეყანაში და აღარც ამ საქმის შესწავლის მსურველი. შემიძლია ჩავატარო ლექციები და, რაც ვიცი, ვასწავლო თეორიულად და პრაქტიკულად. ეს იმისთვის, რომ ციხიდან გამოსულ კაცს ჰქონდეს სამუშაო, არ ჰქონდეს საფიქრალი, რომ ნასამართლობის გამო უსამსახუროდ დარჩება. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ის დათრგუნულობა, რასაც ეს ხალხი განიცდის.

გათავისუფლდებიან და არ აქვთ საქმე, არ იციან რა აკეთონ, რაც მათ ისევ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. ამ ფენომენს შველა სჭირდება. აქ ვართ და ხელგაშლილი ველით ყველას, ვისაც სწავლა უნდა“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.